სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიაში" შემავალი არასამთავრობო
ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს
მიმართავენ.
ისინი პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" მიერ
წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეო რგოლში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა
დარღვევის გამო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვენ.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს
პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა ქსენოფობიური
შინაარსისაა, მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს და არღვევს
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხნოვებს.
"ვიდეო რგოლში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი - დავით
თარხან-მოურავი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ ეთერში
თურქეთი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპანტად და საქართველოს მტრად
მოიხსენია, ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩვენ არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა
თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი
ბათუმს გადასაცემად” და ამის წინააღმდეგ პარტიის სხვა
წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს
შეკრებისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის
ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც
პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას, ხოლო
მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი,"
– აღნიშნულია მამართვაში.
მასზე ხელმომწერი ორგანიზაცები ცესკოს თავმჯდომარეს მოუწოდებენ
შეისწავლოს პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის
ფაქტი, რაც წარმოადგენს ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისიწინებულ
სამართალდარღვევას და მიმართოს სასამართლოს პოლიტიკური სუბიექტის
სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების მოთხოვნით.
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიაში" შემდეგი არასამთავრობო
ორგანიზაციები შედიან:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ლგბტ საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
(ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსში" ქუთაისიპოსტს
განუცხადეს, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართვაზე კომენატრს
მოგვიანებით გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები