ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები მოეწყო.
"საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე,
მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივებზე,
დეცენტრალიზაციის საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკაზე
ისაუბრეს.
დებატების თემა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
კონსულტაციების შედეგად შეირჩა.
კანდიდატთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საჭიროა ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანა და გადასახადების
შემცირება.
"ქუთაისის მერი არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების კურიერი. ეს
არის მეორე ქალაქი და თავისი ფუნქცია უნდა გააჩნდეს. გარდა ამისა,
თვალშისაცემია არაკვალიფიციური კადრების სიმრავლე", - განაცხდა
დებატებზე "ერთიანი კომუნისტური პარტიის" ქუთაისის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატმა, გულიკო ნიჟარაძემ.
დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა "ლეიბორისტული პარტიის" მიერ
წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
"ჩვენი თვითთმმართველობა არის ბუტაფორია. არც ერთ გადაწყვეტილებას
ქალაქი დამოუკიდებლად არ იღებს და ეს მანკიერი ტრადიცია უნდა
დასრულდეს",-განაცხადა სამსონ გუგავამ.
მერების ხშირი ცვლილება თვითმმართველობის ხარვეზად მიაჩნია ზვიად
ბაღდავაძეს, რომელიც "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის"
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატია. ის მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი
ცენტრალური ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის მიმართ არასერიოზულ
დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
გოგი წულაია კი თვლის, რომ რეალური თვითმმართველობის
განსახორციელებლად, საჭიროა ქალაქს საკუთრებაში გადაეცეს უძრავი
ქონება და ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები.
"ინგრევა შენობები, მაგრამ ვერ ვყიდით, რადგან არ ყიდის ეკონომიკის
სამინისტრო. ჩვენ კი ამის უფლება არ გვაქვს. ნადვილი თვითმმართველობა
თუ გვინდა მივიღოთ, ქალაქს მისი ქონება უნდა გადეცეს და გადასახადების
დიდი ნაწილი დარჩეს აქ", - განაცხადა გოგი წულაიამ.
ურბანიზაციისა და ქალაქის განვითარების 5 წლიანი გეგმა მიაჩნია
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის"
მაჟორიტარობის კანდიდატს, ლია გვენეტაძეს.
"ქალაქს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი და არა 5 წლიანი განვითარების
გეგმა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ქალაქის ურბანული განვითარება
არასწორად ხდება", -განაცხდა ლია გვენეტაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები სამი ბლოკის
პრინციპით გაიმართა. თავდაპირველად, კანდიდატებმა განსახილველ
საკითხებზე თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. მეორე ბლოკში დამსწრე
აუდიტორიას მიეცა შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. ბოლოს,
კანდიდატებმა კითხვები ერთმანეთს დაუსვეს.
დებატებს მოწვეული ფასილიტატორი, ზვიად ქორიძე უძღვებოდა.
შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარობის 8 კანდიდატი დაესწრო. დებატებზე არ
მივიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის"
მაჟორიტარობის კანდიდატები.
მასალის გამოყენების პირობები