"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო- საქართველომ" ქუთაისში მოქმედ
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც
2016 წლის არჩევნებში კენჭისყრის პროცესის მონიტორინგს აპირებენ,
კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტის "იცოდე მეტი არჩევნების შესახებ", სააგენტოს
წარმომადგენლებმა იმ მთავარ ცვლილებაზე ისაუბრეს, რომლებიც მათი
თქმით, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს არჩევნებზე.
ერთ-ერთი სიახლე, რომელიც საარჩევნო უბნებზე წელს პირველად
დაინერგება, უბნის შიგნით შეიარაღებული პოლიციელების მობილიზებას
შეეხება. ცვლილების მიხედვით, პოლიციელს უბანზე შესვლა კომისიის
თავმჯდომარის ნებართვით ექნება.
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოში" მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი
ინტეპრეტაციის საშუალებას იძლევა, რადგან თავმჯდომარემ სიტუაციის
ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხედ შესაძლოა
სხვადასხვა გარემოება აღიქვას.
"შეიძლება ერთ უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლის მხოლოდ
დაძაბული გამომეტყველება მიიჩნიოს საფრთხედ და გამოიძახოს პოლიცია,
მეორე შემთხვევაში კი ფიზიკური დაპირისპირების დროსაც არ
მოახდინოს რეაგირება. გარდა ამისა, შსს-ს დაქვედებარებული ორგანოს
წარმომადგენლებს, უბნის გარე პერიმეტრზე კომისიის თავმჯდომარის
ნებართვის გარეშე შეუძლიათ ყოფნა. იმედი გვაქვს, ეს ცვლილება
სწორ განვითარებას პოვებს და არ მივიღებთ პოლიციელებით
ალყაშემორტყმულ უბნებს არჩევნების დღეს", - ამბობს "ადგილობრივი
დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს" პროექტის "იცოდე მეტი არჩევნების
შესახებ" მობილიზატორი მაკა ცერცვაძე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების ახალ
პრინციპზე, რომლის მიხედვითაც, ქუთაისს თერჯოლის სამი სოფელი
შემოუერთდა და სამ ოლქად დაიყო.
სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილების შესახებ
ამომრჩევლის ინფორმირება, რათა მათ უბანზე მისვლის დროს არ
აღმოაჩინონ, რომ სხვა ოლქის მაჟორიტარს ირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები