ახალი ამბები
ომბუდსმენი სამართალდამცავებს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს
FaceBook
სახალხო დამცველის აპარატმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის შესწავლა დაიწყო.

ამ საქმესთან დაკავშირებით ობმუდსმენი მთავრ პროკურატურასა და შს სამინისტროს მიმართავს.

"გავრცელებული ინფორმაციით დ.ს.-ს მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით პოლიციასთან თანამშრომლობაზე იძულებით დაყოლიებას ძალადობით.
პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად ცნო პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ.თ. დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით. ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას და, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა," – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და დამაჯერებელი პასუხი გაეცეს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას. მათ შორის, როგორ მოხდა პოლიციის თანამშრომლის მიმალვა, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა პირი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"რა გააკეთა პროკურატურამ საიმისოდ, რომ აღნიშნული პირი არ მიმალულიყო. მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში. მომხდარმა ფაქტმა ასევე გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის საქმიანობა არის რეპრესიული, დაფუძნებულია ადმიანის უფლებათა დარღვევაზე, პირადი ცხოვრების ხელყოფაზე და დამკვიდრებულია, როგორც მიღებული პრაქტიკა.
ცხადია, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის გარეშე პოლიციის მუშაობა აზრს მოკლებულია, თუმცა ეს არ უნდა ხორციელდებოდეს უფრო მაღალი სიკეთის - ადამიანის უფლებების ხელყოფის ხარჯზე. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკრეტული საფუძვლებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისათვის უნდა ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს. ადამიანის უფლებათა სამართლით საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას და რომელიც დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან," – აცხადებს სახალხო დამცველი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ფაქტის დროული და ყოველმხრივი გამოძიება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დემურ სტურუას გარდაცვალების მიზეზის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის შესაძლო კავშირის დასადგენად, არამედ ანალოგიურ შემთხვევებში სისტემურ დანაშაულთან ბრძოლისთვის.

უწყების შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით, პოლიციის სისტემაში არსებული მეთოდების შესწავლა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იძულების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების მუქარის და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა უფლებამოსილ ორგანოებს უარი თქვას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და გახადოს ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.