"მუნიციპალიტეტებში ახალი
ააიპ-ების დაფუძნება, ხშირ შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის
არსებობის გარეშე ხდება".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2014 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა
მუნიციპალიტეტში არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში
მიმდინარე პროცესებზე
კვლევას აქვეყნებს.
შესწავლილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაციაში აცხადებენ,
რომ ამ პერიოდიდან ააიპ-ების, ასევე იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობამ
და მათ შრომის ანაზღაურებაზე გასაწევმა ხარჯმა მოიმატა.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის
მასშტაბით (თბილისის გარდა) არსებული მუნიციპალური ააიპ-ები 84
ერთეულით (695-დან 779-მდე), დასაქმებულთა რაოდენობა კი 8 232 პირით
(36540-დან 44772-მდე) გაიზარდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად,
ააიპ-ებში დასაქმებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთის
მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება. მათი რიცხვი კი 1 713 ერთეულითაა
მომატებული.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მოცულობას, 2014 წლის
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ააიპ-ებში დასაქმებულთა
ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152,6 ლარით მეტს ხარჯავენ,
ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე (11126350.24 ლარიდან 15371502.81
ლარამდე). შესაბამისად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ანალოგიური
წლიური დანახარჯი 50 941 831,2 ლარით გაიზარდა.
"მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების დაფუძნება, ხშირ შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობის
არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების
კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს. ადგილობრივმა
თვითმმართველობებმა უნდა გადახედონ არსებულ პრაქტიკას და
იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით -
ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში,
მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა
და ხარისხი," - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები