2016 წლის პოლონეთში, ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში
პირველად, რიგით 28-ე სამიტი გაიხსნება.
მასში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მათ შორის, 28
ალიანსის წევრი სახელმწიფო, 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს,
ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
დელეგაციები იქნებიან.
შეხვედრას პირველად, ჯერჯერობით დამკვირვებლის სტატუსით, მონტენეგრო
დაესწრება.
ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის
თანახმად, სამიტი ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება,
რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.
ვარშავის სამიტის პირველ დღეს, პარალელურად, საგარეო საქმეთა
მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა შედგება.
9 ივლისს კი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან
კოლეგებს 25 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, სომხეთიდან და
აზერბაიჯანიდან.
ვარშავაში მიმიდნარე სამიტს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით,
ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო მეტად დაცული იქნება.
თავდაცვის მინისტრი კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო
ვარშავიდან მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს.
"უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი
ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს
და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების,
გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ
შესაძლებლობას," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
"სამიტზე შემუშავდება ახალი გზები, რომლებიც საქართველოს
თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს," - აცხადებს საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ნატო-ს სამიტისგან ძალიან
კონკრეტული მოლოდინები აქვს.
პრემიერ–მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი კი მიიჩნევს, რომ ვარშავის
სამიტის შედეგად არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება და
საქართველო კიდევ უფრო მეტად დაცული იქნება.
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) დღეისათვის 28
წევრ ქვეყანას აერთიანებს.
ნატო-ს სამხედრო და პოლიტიკური ალიანსი 1949 წელს შეიქმნა, პირველი
სამიტი კი 1957 წელს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები