ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე ორმოში მოსახლეობამ ხის ტოტებიანი
ქოთანი ჩადგა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ და
დაზიანებული გზის ნაწილის დროულ შეკეთებას ითხოვენ.
გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმითვე, ორმოს მიზეზით ავტოსაგზაო
შემთხვევები ფიქსირდება.
"ერთი თვეა ეს ორმო გაჩნდა და ამდენივე ხანია ასე უპატრონოა. აქ სულ
გადატვირთული მოძრაობაა, მძოლები ვარდებიან მასში და საჭეს ვეღარ
აკონტროლებენ. უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ავტომობილი პირდაპირ
სკვერში შემოგვივარდა," - ამბობენ გრიშაშვილის ქუჩაზე
მცხოვრებლები.
ადგილობრივები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, რომ საბედნიეროდ
არც ერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"დროულად უნდა გამოიჩინონ ყურადღება მერიიდან," - ამბობენ გრიშაშვილის
ქუჩაზე მცხოვრებლები.
მათივე ინფორმაციით, გზის მითითებულ ტერიტორიაზე ორმო ერთი თვის
წინ გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები