"გამგებელს ვინც მოწონს იმას ამუშავებს, ვინც არა –
ათავისუფლებს."
ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორი
დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მაია კუზნეცოვა სამსახურიდან 2016 წლის 21 ივნისს გაუშვეს.
მისი განცხადებით, ის რამდენიმე დღეა ქალაქში არ იმყოფება და
გათავისუფლების შესახებ გამგებლის მოადგილესთან სატელეფონო საუბრისას
შეიტყო.
მისივე ინფორმაციით, ხელოვნების სკოლაში ახალი დირექტორი, რომელიც
ამავე სასწავლებლის პედაგოგია, იმავე დღეს წარადგინეს.
"რამდენიმე დღით, თავი გავითავისუფლე გამგებლის მოადილესთან, უშუალოდ
ჩემი სფეროს კურატორათან, ოჯახური მდგომარეობის გამო. გაოცებული
დავრჩი, არ ველოდი ასეთ უკანონო გადაწყვეტილებას," – აცხადებს მაია
კუზნეცოვა.
მისივე თქმით, 7 აპრილს ის გამგეობას შესაძლო გათავისუფლების შესახებ
ოფიციალური წერილით არ გაუფრთხილებია, ხოლო შესაბამისი ბრძანება
სამსახურიდან დათხოვის მეორე დღეს მიიღო.
მაია კუზნეცოვა ამბობს, რომ ტყიბულის გამგებელმა თანამდებობიდან
დათხოვის შესახებ სიტყვიერად 2016 წლის 7 აპრილს აცნობა. აქამდე კი
ხელოვნების სკოლის ფინანსური საქმიანობის შემოწმებას აუდიტის
სამსახური იკვლევდა.
"პირადად რობოზონ გვენეტაძემ მითხრა, რომ აუდიტის დასკვნა იყო ძალიან
მძიმე და საქმე შეიძლებოდა პროკურატურას გადაცემოდა. თუმცა,
შემოწმების შედეგად ფინანსური დარღვევები არ დაფიქსირდა და მხოლოდ
ადმინისტრაციულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. გამგებელს ვინც მოწონს იმას
ამუშავებს, ვინც არა – ათავისუფლებს. რამდენიმე თვის წინ სკოლას
სტუმრობდა პაატა ბურჭულაძე და ეს არ მოეწონა," – აღნიშნა მაია
კუზნეცოვამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ააცხადებენ, რომ ხელოვნების
სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გამგებლის
ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.
რობინზონ გვენეტაძემ დოკუმენტი შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად
გამოსცა, რომელიც მაია კუზნეცოვას სკოლის წესდების დარღვევაში
ადანაშაულებს.
"თავად მაია კუზნეცოვა საქმის კურში იყო გათავისუფლების შესახებ. ერთი
თვის წინ მან დაწერა განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვა სასწავლო
წლის დასრულებამდე გადავადებულიყო," – განმარტავს "ქუთაისიპოსტთან"
საუბარში ტყიბულის გამგეობის პრეს–სამსახურის უფროსი, ელისო
ჭანტურიძე.
მისივე ინფორმაციით, მაია კუზნეცოვას გათავისუფლების ბრძანება
გამგებელმა, ხელოვნების სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების მეორე
დღეს გამოსცა.
ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და გამგებლის
ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
მაია კუზნეცოვას ხელოვნების სკოლის დირექტორად 2012 წლიდან
მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები