სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე
ქუთაისში იმსჯელეს.
შეხვედრა მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ადგილობრივ ორგანიზაციაში
გაიმართა.
კამპანიის "თავისუფალი სასამართლო ხალხს" ფარგლებში მედიის
წარმომადგენლებს პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში,
დავით ჯანდიერი ესაუბრა.
მისი განმარტებით, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" საინიციატივო
ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის
განსახორციელებლად შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებით,
მიმართა.
"ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ისეთი
საკანონმდებლო ინიციატივების შეთავაზება, რომელიც რიგითი მოსამართლის
დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა, რომ მოქალაქეებს დაცულ და
სამართლიან გარემოში ეცხოვრათ. სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს
უზრუნველყოფილი და კანონის წინაშე რიგითი მოსამართლე თავს დაცულად
უნდა გრძნობდეს," – აღნიშნა დავით ჯანდიერმა.
საინიციატივო ჯგუფის მთავარი მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
დათხოვნა და მისი ახალი შემადგენლობის არჩევაა.
"ასევე, უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის
საფუძვლები და პროცედურა. საზოგადოების აზრი მოსამართლეთა შერჩევის ან
დანიშვნის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული," – ამბობს პაატა
ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
დავით ჯანდიერის განმარტებით, პრეზიდენტი, სახალხო დამცველისა და
ადვოკატთა ასოციაციის მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების
დანიშვნაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
"აგრეთვე,ცვლილებებს მოითხოვს მოსამართლეთა დისციპლინური
პასუხისმგებლობის შესახებ კანონი და ამ მიმართულებითაც გვაქვს
კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები," – აღნიშნა ჯანდიერმა.
მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", ამ კამპანიის ფარგლებში,
ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
მასალის გამოყენების პირობები