ქუთაისში "თიბისი" გალერეაში დევნილთა საკითხებზე მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიება დევნილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
დარბაზში შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თავიანთი საქმიანობის
ამსახველი ფოტო და ბეჭდური მასალები, ხელნაკეთი ნივთები, მათთვის
განკუთვნილ კუთხეებში წარმოადგინეს.
"დევნილთა საერთაშორისო დღეს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ
საზოგადოებას აფხაზეთის პრობლემის შესახებ და ვანახოთ, რომ ჩვენც,
დევნილები ქვეყნისა და ამ ქალაქის ღირსეული მოქალაქეები ვართ და ჩვენი
წვლილი შეგვაქვს სახელმწიფოს შენებაში", - აღნიშნა ღონისძიების
ორგანიზატორმა, გაერთიანება "გოგონები და ქალები დემოკრატიის
განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა, ლარისა შენგელიამ.
დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზიაციებმა მათი საქმიანობის
შესახებაც ისაუბრეს.
"ჩვენი მიზანია დევნილთა საარსებო წყაროების მოძიება და გადაცემა
ლიდერებისთვის, რომლებიც ინფორმაციას მათ თემშივე გაავრცელებენ.
ინფორმაციას ვაწვდით ეკონომიკურ პროგრამებსა და პროექტებზე", -
აღნიშნა ერთ-ერთი NGO ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიორგი
ფოფხაძემ.
არასამთავრობო სექტორთან ერთად პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის
მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე "SOS ბავშვთა სოფლისა"
და წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორი კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ "სოხუმთან"
არსებული გაერთიანება "გოგონები და ქალები დემოკრატიის
განვითარებისთვის" გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები