ახალი ამბები
"ტორპედოს" ინვესტორზე გადაბარების პროცესი დაწყებულია
FaceBook
კლუბის გაიჯარება უვადოდ იგეგმება

საფეხბურთო კლუბის გადაბარების პროცედურა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს.

კლუბის ადმინისტრაციაში პროცესის დასკვნით ეტაპზე გადასვლას ადასტურებენ. თუმცა, ვინ აპირებს გუნდზე თანხის დახარჯვას, ამ დრომდე გასაიდუმლოებული რჩება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ "ტორპედოს" გაიჯარება უვადოდ იგეგმება.

ინვესტორის ვინაობის ნაცვლად, მის გეგმებზე ღიად საუბრობენ კლუბში.

"ტორპედოს" წარმომადგენელთა თქმით, ინვესტორი კლუბში გაცილებით დიდ თანხას ჩადებს, ვიდრე ეს კომპანია "ვისოლმა" გააკეთა. ამასთანავე, ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი მმართველები გააკეთებენ, 4 უცხოელი ფეხბურთელის ჩამოყვანაა.

სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებს ინვესტორი კლუბის მოთამაშეებისთვის. მათ შორის, ამ დროისთვის ფიქსირებულ ხელფასზე მეტი უკვე შესთავაზეს "ტორპედოს" ფეხბურთელს თორნიკე კაპანაძეს, რომელმაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა იგი უკან დააბრუნეს.

"გზიდან მოვაბრუნეთ კაპანაძე. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ერთ-ერთ კლუბში გადასვლა", - ამბობს საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ჩაკვეტაძე. ის ადასტურებს, რომ სანაცვლოდ კაპანაძეს პირობების გაუმჯობესებას ინვესტორი დაპირდა.

მსგავსი შეთავაზება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, ინვესტორი ყველა მოთამაშეს ინდივიდუალურად ესაუბრა და გუნდის ძირითადი ნაწილის შენარჩუნება შეძლო.

ფიქსირებულზე გაცილებით მეტი შესთავაზეს "ტორპედოს" უკვე ყოფილ კაპიტანს გიორგი კუხიანიძესაც, რომელმაც ამის მიუხედვად, გუნდი მაინც დატოვა და კლუბ "ლოკომოტივში" თან გაიყოლა ფეხბურთელი ირაკლი კლიმიაშვილი. კუხიანიძემ წასვლის მიზეზად ოჯახთან ერთად დედაქალაქში გადასვლა დაასახელა.

"ტორპედოსთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ, რომელიც ამიერიდან ბოლნისის "სიონში" ითამაშებს.

საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კლუბთან თანამშრომლობა საბოლოო ჯამში გუნდის კაპიტანმა და ორმა ფეხბურთელმა გაწყვიტა.

ამ პროცესებს კი წინ, კლუბის პრეზიდენტის, თემურ ჩეჩელაშვილის პოსტიდან წასვლა უძღოდა. მან გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც "ტორპედოსა" და ინვესტორს შორის მოლაპარაკების დასრულების შესახებ გახდა ცნობილი.

"მოდის ახალი გუნდი და ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება პრეზიდენტი. მე იქ არ გავჩერდები, სადაც გადაწყვეტილებებს თავად ვერ მივიღებ",-განაცხადა ჩეჩელაშვილმა გადადგომის შემდეგ.

პრეზიდენტისა და სამი ფეხბურთელის მიერ გუნდის დატოვებას, ახალი ინვესტორის გამოჩენას არ უკავშირებს კლუბის აღმასრულებელი დირექტორი. ზურაბ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სპორტსმენებს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურათ და მათმა ნაწილმა ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. კლუბის პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა კი ახალ ინვესტორთან მუშაობა არ ისურვა.

ვინ ჩაიბარებს "ტორპედოს" სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. კლუბში ამ დრომდე არ საუბრობენ ინვესტორის სახელთან მერაბ ჟორდანიას კავშირზე, რომელმაც კლუბის მომავალი ინვესტორის დახმარების სურვილი, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოთქვა.

"მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო", - წერდა ჟორდანია სოციალურ ქსელში.

2013 წლიდან "ტორპედოს" ქუთაისის მერია მას შემდეგ აფინანსებს, რაც კომპანია "ვისოლმა" კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.