"მოქალაქეების ჯიბით
სარგებლობენ"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა
გოგი წულაიამ, აგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ
"პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითარი დაწვა.
წულაია "პარკინგსერვისს" ქვითრების არასამართლებრივი გზით
გავრცელებასა და მოქალაქეების არაკანონიერად დაჯარიმებაში
ადანაშაულებს.
"მოვუწოდებ მოქალაქეებს, როცა ავტომობილის საქარე მინაზე
"პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითარი დახვდებათ მოუკიდონ ცეცხლი და
დაწვან, რადგან დაჯარიმების ასეთი ფორმა არაკანონიერია," - ირწმუნება
გოგი წულაია.
წულაიას მტკიცებით, "პარკინგსერვისს" საჯარიმო ქვითრის
მხოლოდ ავტომობილის ნომრითა და სერიის მიხედვით ამოწერის
იურიდიული უფლება არა აქვს.
"ქვითარი უნდა იყოს იმ ადამიანის სახელზე ამოწერილი, ვინც არის
ავტმობილის მფლობელი და ეს ჯარიმა მას სახლში უნდა მიუტანონ, ამ
პროცედურამდე სამართალდამრღვევ პირს არა აქვს ჯარიმის გადახდის
ვალდებულება. ანუ "პარკინგსერვისი" ადამიანების გულუბრყვლობით
სარგებლობს," - ამბობს გოგი წულაია.
წულაია იმასაც ამბობს, რომ "პარკინგსერვისს" არა აქვს ავტომობილების
მეპატრონეების მისამართებზე წვდომა, რის გამოც კომპანია ჯარიმის
სახლში მიტანას ვერ უზრუნველყოფს.
"საპატრულოს ბაზებზე არ მიუწვდებათ ხელი, იმიტომ რომ ამ ინფორმაციის
მოპოვებისთვის თანხაა გადასახდელი და მათ ფულის გადახდა არ უნდათ,
სამაგიეროდ, მოქალაქეების ჯიბით სარგებლობენ," - განმარტავს
წულაია.
წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ "პარკინგსერვისის"
ადმინისტრაციაში.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი სარიშვილი "ქუთაისიპოსტთან"
საუბარში აცხადებს, მოქალაქეების დაჯარიმება სამართალდარღვევის
დაფიქსირების შემთხვევაში, ყველანაირი წესისა და კანონის დაცვით
მიმდინარეობს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა
მიმდინარე წლის მარტში "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნით ქუთაისში
პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.
წულაიმ "პარკინგსერვისი"
უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და კომპანიის
წინააღმდეგ
სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
"საქარე მინაზე დატოვებული ქვითარი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და
მანქანის მფლობელს ატყობინებს სამართალდარღვევის თაობაზე.
დაჯარიმებული მანქანის მონაცემებს ვაწვდით საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს და ისინი გვიგზავნიან ავტომობილის მფლობელის
მისამართს, ამის შემდეგ ეგზავნება ჯარიმა მოქალაქეს ბინაზე," -
ამბობს სარიშვილი.
ქუთაისის მერიამ
პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს
განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ
პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს
"პარკინგსერვისს" გადაეცა.
ქუთაისში პარკირების 274 ადგილია. აქედან, 147 საერთო სარგებლობის
გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.
მასალის გამოყენების პირობები