დასკვნაში მოხვდა ბიბლიოთეკაში 140 უნიკალური წიგნის
დაკარგვის ფაქტიც.
"დაძაბული, კონფლიქტური და უკონტროლო" - ამგვარადაა შეფასებული
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული
ვითარება, მერიის მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების
დასკვნაში. ბიბლიოთეკის მუშაობის წელიწადნახევრიან მონაკვეთს,
აუდიტორთა ჯგუფი უარყოფითად აფასებს და ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას
რეკომენდაციების ვრცელ ჩამონათვალს აძლევს.
ქუთაისის მერიის სამი სამსახურისგან დაკომპლექტებულმა 4 კაციანმა
ჯგუფმა (ქონების, შესყიდვებისა და ადმინისტრაციული სამსახური), საჯარო
ბიბლიოთეკაში აუდიტორული შემოწმება გასული წლის 22 სექტემბრიდან 11
ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. ორთვიან მონაკვეთში აუდიტორებმა რამდენიმე
მიმართულებით იმუშავეს.
ფუნქციის გარეშე დარჩენილი შტატებისა და განყოფილებების სიმრავლე,
არასწორი სახელფასო სისტემა, დარღვევით განხორციელებული შესყიდვები და
არაეფექტური მენეჯმენტი - აუდიტორთა ჯგუფმა, თითქმის ყველა შესწავლილ
საკითხში დარღვევები გამოავლინა.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აუდიტორები ბიბლიოთეკაში თანამშრომლებს
შორის დაძაბულ ურთიერთობას ასახელებენ. დასკვნაში ნათქვამია, რომ
ბიბლიოთეკაში არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც შტატებს,
განყოფილებებსა და სახელფასო ანაზღაურებას უკავშირდება, ხელს უშლის
ბიბლიოთეკის გამართულ ფუნქციონირებას.
"ბიბლიოთეკაში თანამშრომელთა ნაწილი პრინციპულად დაპირისპირებული
არიან ერთმანეთთან. დაპირისპირების მიზეზი მრავლადაა: ბიბლიოთეკაში
დამატებული განყოფილებები, შტატები, შეთავსებით დასაქმებული
თანამშრომლები, მოუწესრიგებელი სამკითხველო დარბაზი, დაკარგულ
წიგნებზე პასუხისმგებლობა და სხვა თემები. აქედან გამომდინარე, საერთო
სიტუაცია ბიბლიოთეკაში დაძაბული, კონფლიქტური და უკონტროლოა, რაც
უარყოფითად აისახება მკითხველთა კომფორტულ მომსახურებაზე", -
ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნის მიხედვით, თანამშრომელთა ნაწილის გაღიზიანებას, ბიბლიოთეკაში
2007 წლიდან დამატებული ის განყოფილებები და შტატები იწვევს, რომლებიც
ფუნქციის გარეშე არიან დარჩენილი.
აუდიტორები დასკვნაში არ მიუთითებენ კონკრეტულად რომელ განყოფილებებს
არ აქვს ფუნქცია, თუმცა, თავად თანამშრომლები ამბობენ, რომ
დაპირისპირების მიზეზი იშვიათ გამოცემათა და მათი რესტავრაციის
განყოფილებებია.
აუდიტის დასკვნის ამ ნაწილს არ ეთანხმება ბიბლიოთეკის დირექტორი
ნარგიზა ჩოგოვაძე და უფუნქციო განყოფილებების არსებობას შეცდომას
უწოდებს. მისი თქმით, დაწესებულებაში ყველა განყოფილებას თავისი
დანიშნულება აქვს.
დასკვნაში, ასევე, მოხვდა 2007 წელს საცავიდან 140 უნიკალური წიგნის
დაკარგვის ფაქტიც, რაც სწორედ ახალი განყოფილებების შექმნას
უკავშირდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომხდარზე აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე, რომელიც ამ დრომდე არ
დასრულებულა. თუმცა, აქვე მითითებულია, რომ
საქმეზე დამატებით ინფორმაციას აუდიტორები არ ფლობენ.
დეტალებს არც ნარგიზა ჩოგოვაძე იცნობს, რადგან მისი თქმით, იგი
იმ დროისთვის ბიბლიოთეკის დირექტორი არ იყო. ამასთანავე, მას არც
პროცესის მიმდინარეობაზე აქვს ინფორმაცია.
ქუთაისის მერიის აუდიტორთა ჯგუფი, ბიბლიოთეკაში გარდა
განყოფილებებისა, დაურეგულირებელ საშტატო განრიგსა და სახელფასო
ანაზღაურების არასწორ განაწილებაზეც საუბრობს. დასკვნის მიხედვით,
ბიბლიოთეკის 9 თანამშრომელი შეთავსებით მუშაობს სხვა დაწესებულებებში,
მაგრამ ამის მიუხედავად, მათ სრულ განაკვეთზე ერიცხებათ ხელფასი.
ნარგიზა ჩოგოვაძე ამბობს, რომ დასკვნაში მითითებული თანამშრომლები,
ერთი თვის განმავლობაში იმ 8 საათიან ლიმიტს არ სცდებიან, რომლის
მიხედვითაც, საჯარო უწყების თანამშრომელს უფლება აქვს სხვა სამსახურიც
შეითავსოს.
"არც ერთ მათგანს არ უცდება 8 სამუშაო საათზე მეტი ბიბლიოთეკაში.
გარდა ამისა, ისინი თავიანთი უნარებით საჭირო არიან ჩვენთვის",-ამბობს
ბიბლიოთეკის დირექტორი.
მისივე თქმით, კანონის ეს მოთხოვნა ბიბლიოთეკაში არც აქამდე
დარღვეულა, თუმცა, რატომ მოხვდა საკითხი აუდიტის დასკვნაში, ნარგიზა
ჩოგოვაძისთვის გაუგებარია.
ერთადერთი, რაშიც ბიბლიოთეკის დირექტორი აუდიტორთა ჯგუფს ეთანხმება,
მოუწესრიგებელი სამკითხველო დარბაზია.
აუდიტორები წერენ, რომ სამკითხველო დარბაზში რამდენიმე განყოფილება
ფუნქციონირებს, რაც იწვევს ხმაურს და ხელს უშლის მკითხველთა
მომსახურებას.
ნარგიზა ჩოგოვაძის თქმით, ამ პრობლემის გამო, მართლაც ირღვევა
მკითხველთა კომფორტული მომსახურების პრინციპი, მაგრამ ბიბლოთეკას
ფართის სიმცირის გამო სხვა გამოსავალი არ აქვს.
"აუდიტის გარეშეც ვიცი, რომ სამკითხველო დარბაზში რამდენიმე
განყოფილება არ უნდა იყოს, მაგრამ აქვე ვამბობ, რომ ეს ის საკითხია,
რომელსაც ვერ გამოვასწორებთ, რადგან ფიზიკურად არ არის ამის
შესაძლებლობა",-ამბობს ნარგიზა ჩოგოვაძე.
ქუთაისის მერიის აუდიტორთა ჯგუფმა, ხარვეზები შესყიდვების ნაწილშიც
აღმოაჩინა.
შესამოწმებელ პერიოდში ბიბლიოთეკას 100-ზე მეტი ელექტრონული შესყიდვა
აქვს განხორციელებული.
2014 წელს, ბიბლიოთეკამ, წიგნების ეგზემპლარები ორი გამარტივებული
შესყიდვით შეიძინა. თუმცა, ბიბლიოთეკის დირექტორმა, აუდიტორებთან ვერ
დაადასტურა შესყიდვის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. მან
განაცხადა, რომ გამარტივებული შესყიდვა, ბიბლიოთეკაში წიგნების
ეგზემპლარების სიმცირის გამო გამოიყენა, თუმცა ამის წერილობითი
განმარტება არ წარმოუდგენია, რაც მას ჯერ კიდევ შესყიდვის
განხორცილებამდე უნდა შეედგინა.
სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილი დარღვევების გამოსწორების
მიზნით, ქუთაისის მერიის აუდიტორთა ჯგუფმა, საჯარო ბიბლიოთეკას 10
რეკომენდაცია მისცა.
ბიბლიოთეკის დირექტორი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების ნაწილი უკვე
გაითვალისწინა. მათ შორის 2-ით შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა,
(რაშიც არ მოხვდა დასკვნაში მითითებული 9 თანამშრომელი). ასევე, რიტა
წაქაძე, რომელიც სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილის პოსტს
იკავებდა იმის მიუხედავად, რომ გასული წლიდან ბიბლიოთეკა სამეცნიერო
სტატუსს აღარ ატარებს, საბიბლიოთეკო დარგში მოადგილედ გადაიყვანა და
შემოიღო თანამშრომელთა აღრიცხვის ელექტრონული მეთოდი.
ცვლილებები არ შეხებია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა
განყოფილებების შემცირება, სამკითხველო დარბაზის განტვირთვა და
საცავის ინვენტარიზაცია, რაზეც დირექტორი ამბობს, რომ ეს ხანგრძლივი
პროცესია. არ შეცვლილა არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთა სახელფასო
ანაზღაურება. ასევე, არ მომხდარა ბიბლიოთეკის მთავარი შესასვლელისა და
ოთახების ელექტრონული დაცვის სისტემაზე აყვანა, რასაც ნარგიზა
ჩოგოვაძე რეაბილიტაციის საკითხის გაჭიანურებით ხსნის.
დაინტერესდა თუ არა ქუთაისის მერია აუდიტის რეკომენდაციების
შესრულებით, უცნობია. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსმა ზვიად ჯავახიამ, საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები