ქუთაისში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით 100 ერთეული სიჩქარის შემზღუდველი ხელოვნური ბარიერი დამონტაჟდება. ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 756 ლარი დაიხარჯება.
ქუთაისის მერია სიჩქარის შემზღუდველ ხელოვნურ ბარიერების შეძენას შპს "გზაჯვარედინისგან" გამარტივებული შესყიდვით განახორციელებს. მერიასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველმა ბარიერების მიწოდება-მონტაჟი მიმდინარე წლის 29 მარტის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების გარდა ქუთაისში შუქნიშნებიც შეიცვლება. როგორც ქალაქის მერი განმარტავს, შუქნიშნების დასამონტაჟებლად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.
"შუქნიშნების კონკურსი ერთხელ ჩავარდა, დღეს უკვე გამარჯვებული გამოვლენილია, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს პროექტი თუ სად უნდა დამონტაჟდეს შუქნიშანი და რამდენი წუთიანი ინტერვალით უნდა იმუშაოს," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები