"კომპანია გაკოტრებისკენ მიდის და გადახდას ვერ
შეძლებს"
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახლადაშენებული საბავშვო ბაღის
მუშები გაიფიცნენ. ისინი კუთვნილ ხელფასს ითხოვენ, რომელიც ობიექტის
მშენებლობის სანაცვლოდ უნდა მიეღოთ.
"თუკი არ მოგვაქცევენ ყურადღებას და არ დაგვეხმარებიან ხელფასების
მიღებაში, საბავშვო ბაღს გადავკეტავთ და ეს იქნება. კომპანიას ჩვენი
ვალი აქვს 25 000 ლარი", - განაცხადა საბავშო ბაღის მშენებლობაზე
დასაქმებულმა, ვასილ ნადირაძემ.
მისი განმარტებით, საბავაშვო ბაღის მშენებლობაზე 9 ბრიგადა მუშაობდა
და ხელფასი არც ერთ მათგანს არ აქვს მიღებული.
ავტოქარხნის დასახლებაში სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე
ქუთაისის მერიამ 499 126 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი 2014
წლის 10 ივლისს გამოაცხადა. ტენდერით სამი სამშენებლო კომპანია შპს
"ნიუ კონსტრაქშენი", შპს "ჯი აი თი -2007" და შპს "კავკასუსინვესტი"
დაინტერესდა. თუმცა, მერიამ ხელშეკრულება შპს "ჯი-აი თი 2007"-თან
გააფორმა.
ამ უკანასნელმა თავის მხრივ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად
შპს "ლინი" ქვეკონტრაქტორად აიყვანა. სწორედ, "ლინთან" აქვთ
ხელშეკრულება გაფორმებული საბავშვო შენობის მშენებლობაზე დასაქმებულ
მუშებს.
შპს "ლინის" დირექტორი ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში
განმარტავს, რომ ხელფასების გადახდა იმის გამო ვერ მოახერხა, რომ
დამქირავებელმა კომპანიამ კუთვნილი თანხები არ გადაურიცხა.
"მეც ვუჩივი "ჯი-აი თი 2007"-ს, რადგან თანხები არ დარიცხა.
კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ქუთაისის პოლიციის მესამე
განყოფილებაში შევიტანე, მაგრამ იმის გამო, რომ საქმის აღძვრას ცალკე
თანხები სჭირდება, გაჩერებული ვარ", - ამბობს "ლინის"
წარმომადგენელი.
"ჯი-აი- თი
2007"-ის ერთ-ერთი ყოფილი მმართველი, ავთანდილ კაპანაძე
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს, რომ კომპანია "ლინის"
და შესაბამისად, მუშების დაავალიანებაც აქვს. თუმცა, ამბობს რომ
კომპანია თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
"მე კომპანიის მმართველი უკვე აღარ ვარ, მაგრამ მაშინ, როდესაც ბაღის
მშენებლობა მიმდინარეობდა დროებითი მმართველი ვიყავი. კომპანია მიდის
გაკოტრებისკენ, რადგან სახელმწიფოს ვალები აქვს", - ამბობს
კაპანაძე.
კაპანაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში იმ მიზეზებზეც
საუბრობს, თუ რატომ არის კომპანია დავალიანების გადახდიის
უუნარო.
ავთანდილ კაპანაძის განმარტებით, "ჯი-აი თი 2007" ქუთაისის გარდა,
ბათუმსა და ჩხოროწყუშიც ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს.
"ამ ქალაქებში ობიექტების მშენებლობის დროს უსამართლოდ დააჯარიმეს
კომპანია. უფრო ზუსტად, იმაზე მეტი თანხა დააკისრეს ჯარიმად, ვიდრე
ეკუთვნოდა. ამან გამოიწვია კომპანიის გაკოტრება. ორგანიზაციის დიდი
წილი დაყადაღებულია", - ამბობს კაპანაძე.
კომპანია
"ჯი-აი თი
2007"-ის ამჟამინდელი მმართველი გოგა ლორთქიფანიძეა, რომელიც
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისში საბავშო ბაღის
მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"მე ამ კომპანიის მმართველად მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ
დამნიშნეს. შეგიძლიათ ეს ამბავი მოკითხოთ იმას, ვინც მაშინ
ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კომპანიას
დავალიანება აქვს", - განმარტავს ლორთქიფანიძე.
მასალის გამოყენების პირობები