ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ადგილობრივები
მიკროავტობუსით
არ სარგებლობენ
ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში ორი კვირის წინ დანიშნული # 101
მიკროსაავტობუსო ხაზი შესაძლოა გაუქმდეს. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის
სამსახური ხაზის რენტაბელობის საკითხს მომავალ კვირას განიხილავს, რის
შემდეგაც გადაწყდება, იმუშავებს თუ არა #101 მიკროავტობუსი ჭონქაძის
ქუჩაზე.
ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ
მოსახლეობა მიკროავტობუსით გაუგებარი მიზეზებით არ სარგებლობს. ხაზი
კი მგზავრთა ნაკადის გარეშე ვერ იარსებებს.
"არ ვიცი რატომ არ დაყვებიან. არსებობს ვიდეოკადრები, როგორ უვლის
ყველა გვერდს მიკროავტობუსს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომვალ
კვირაში განვიხილოთ ღირს თუ არა ამ ხაზის დატოვება",-ამბობს ირაკლი
ცხვედიანი.
დევნილთა დასახლებაში მიკროავტობუსის დანიშვნას უარყოფს თავად
მოსახლეობა. ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ #101
მიკროავტობუსი სვლაგეზზე მათ არ დაუნახავთ და გადაადგილება კვლავ
ფეხით უწევთ.
ირაკლი ცხვედიანის ინფორმაციით კი ჭონქაძის ქუჩაზე მიკროავტობუსი ბოლო
ორი კვირაა რეგულარულად მოძრაობს.
"დილის 9-ის ნახევარზე, პირველ საათსა და საღამოს 6-ის ნახევარზე
დადის. გამოვაკარით კიდეც შესაბამისი გრაფიკი, მოსახლეობასაც
შევხვდით, მაგრამ ვერ გეტყვით რატომ არ სარგებლობენ",-ამბობს
ცხვედიანი.
#101 მიკროსაავტობუსო ხაზი შპს "ნიუ ტრანსპორტს" ეკუთვნის, რომელიც
ამასთანავე #48 და #100-ის გადამზიდი კომპანიაა.
დევნილთა დასახლებაში მიკროავტობუსის დანიშვნის დაპირება ქუთაისის
მერიამ მოსახლეობას ერთი თვის წინ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები