ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების
სკოლაში ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის
მედიატური ტარდება.
სკოლის საქმიანობის გაცნობა, სამომავლო გეგმები, შეხვედრა სკოლის
ადმინისტრაციასა და საჯარო მოხელეებთან - ეს ის საკითხებია, რომელსაც
მედიის წარმომადგენლები ორი დღის მანძილზე გაეცნობიან.
ასევე, ჟურნალისტები ტურის ფარგლებში იმ საჯარო მოხელეებს შეხვდებიან,
რომლებიც გადამზადებას სკოლის სასწავლო პროგრამების შემდეგ დარგობრივ
კურსებზე გადიან.
თუმცა, მედიატურის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლაში დანერგილ სიახლეზე, რომელიც სახელმწიფო
დაფინანსებით ქართული ენის სწავლებას ითავლისწინებს.
"სკოლა სრული სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის
სწავლებას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. იქნება ეს
საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ლეგალურად იმყოფება
საქართველოში. ეს შეიძლება იყოს ინვესტორი, ტურისტი და ასეთ ცვლილებზე
საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული," - აცხადებს ზურაბ ჟვანიას
სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან
ჯაყელი.
როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურდაღება
ეთმობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური
საგანმანათლებლო პროგრამებით მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
ხდება.
"მათ ვასწავლით სახელმწიფო ენას და შემდეგ უკვე ეძლევათ შესაძლებლობა
პროფესიული კუთხით აიმაღლონ კვალიფიკაცია," - აცხადებს ქეთევან
ჯაყელი.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს
დაარსდა. 2014 წლიდან კი სკოლა განახლებული პროგრამით ფუნქციონირებს.
სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამით: სახელმწიფო ენის
სწავლებისა და საჯარო მმართველობა-ადმინისტრირებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები