"გამოცხადდეს ახალი
ტენდერი პარკირების ადგილებზე," - ეს მოთხოვნა აქციაზე
ქუთაისელმა ტაქსის მძღოლებმა გააჟღერეს.
"გაუქმდეს დღეს არსებული უკანონო პარკირების მეთოდი," "დაიწყეთ ზრუნვა
პარკირების ადგილების კეთილმოწყობასა და გაზრდაზე" და "გამოცხადდეს
ახალი ტენდერი პარკირების ადგილებზე" - ეს ის მოთხოვნებია, რომელიც
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე
ქუთაისელმა ტაქსის მძღოლებმა გააჟღერეს.
როგორც ტაქსის მძღოლები ამბობენ, ქალაქში არსებული ტაქსის სადგომი
ადგილები არ არის საკმარისი, რის გამოც მათ ჯარიმების გადახდა
უწევთ.
"ქალაქის ტერიტორიაზე სულ ტაქსის ორასი სადგომია, მაშინ, როდესაც
ტაქსების რაოდენობა 2000 - მდეა ქუთაისში. ისედაც გაჭირვებული
ცხოვრებაა და კიდევ დამატებითი ჯარიმების გადახდა შეუძლებელია
ჩვენთვის, ამიტომ ვითხოვთ მოწესრიგდეს ქალაქში პარკირების ადგილები" -
ამბობენ აქციაზე მყოფი ტაქსის მძღოლები.
ქუთაისელი მძღოლების პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველოს"
წარმომადგენლობა უერთდება.
როგორც პარტიის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ
ქუთაისის თვითმმართელობა პარკირების საკითხთან დაკავშირებით
გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს, აქციები უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ
ხასიათს მიიღებს.
"მივმართავ ადგილობრივ თვითმმართველობას, დაინტერესდეს ამ საკითხით და
იზრუნოს ქალაქში პარკირების ადგილების მოწესრიგებაზე, ეს არის
გამაფრთხილებელი აქცია და თუკი ერთი კვირის ვადაში მერია არ დაიწყებს
პრობლემების გადაწყვეტას, მივმართავთ უფრო მკაცრ და მრავალრიცხოვან
აქციებს,"- ამბობს წულაია.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით
ქუთაისის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.
თუმცა ქუთაისის მერიაში, აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე კომენტარს
არ აკეთებენ.
ქუთაისში,
პარკირება მიმდინარე წლის 25 იანვრიდან ფასიანი
გახდა.
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს
განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ
პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს
"პარკინგსერვისს" გადაეცა.
ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს
"პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი.
აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.
მასალის გამოყენების პირობები