ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროების მმართველ კომპანიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა
FaceBook
"ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც მაღაროელების ორთვიანი პროტესტის გამო, იძულებული გახდა მადნის მომპოვებელ საწარმოებში მუშა პროცესი აღადგინოს, 24 აპრილიდან რეორგანიზაციას იწყებს.

ინფორმაცია ამის შესახებ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელიც ბოლო ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზს წარმოადგენს, ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

განცხადებაში საუბარია თანამშრომლების კონკურსის გზით შერჩევაზე და დაანონსებულია საკადრო და საშტატო ცვლილებები. ასევე, ანაზღაურების შემცირება.

"მაღაროების სრულფასოვანი განახლების, ფინანსური მდგრადობის აღდგენის და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის კომპანია გეგმავს: სრულად უარი თქვას არაპროფილურ მიმართულებებზე და ამ მხრივ, ხარჯები 100%-ით შეამციროს; [...] საშტატო სტრუქტურისა და პოზიციების დაკომპლექტებას მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო, სათანადო პროფესიის მქონე კადრებითა და აუცილებელი ტექნიკური პერსონალით; ადმინისტრაციასა და მმართველ რგოლში შემცირებას, როგორც რაოდენობრივ, ასევე ანაზღაურების ნაწილში", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საკონკურსო განაცხადები 24 აპრილიდან მიიღება, თანამშრომელთა შერჩევის პროცესი კი გასაუბრების საფუძველზე, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანია განმარტავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულოა.

კომპანია, რომელიც ერთი თვის წინ ამბობდა, რომ წიაღისეულის მიწისქვეშ მოპოვება წამგებიანი იყო და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, არასრულ ერთ წელიწადში, 2026 წლის პირველ იანვრამდე, ფინანსური კრიზისის დაძლევას და წარმოების სტაბილიზაციას აპირებს.

რეორგანიზაციის დაწყების შესახებ უკვე ცნობილია მაღაროელებისთვის, რომლებიც ორი თვეა ჭიათურის მერიასთან საპროტესტო აქციებს მართავენ. მშრომელები კომპანიის მიერ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ენდობიან და სახელმწიფოს ჩართულობით, მოლაპარაკებების გამართვას ითხოვენ. მაღაროელები შიშობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" მათ ამჯერადაც მოატყუებს.

22 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ჭიათურის მაღაროების მმართველ კომპანიაში რეორგანიზაციას "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. სოცკის გეგმა, რომელიც მაღაროელებისთვის უფრო ულტიმატუმია, ვიდრე კრიზისის დაძლევის მოდელი, საწარმოების ამუშავების ორ მთავარ პირობად რეორგანიზაციას და სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ პიკეტირებული მაღაროების შესასვლელების გათავისუფლებას ასახელებს. კომპანიის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ მაღაროებში შესვლის მცდელობაც. პროტესტის ორგანიზატორთა თქმით, მათ ერთ-ერთ მაღაროში სავენტილაციო სისტემა უკვე ჩართეს.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" მაღაროელებთან შეთანხმების გარეშე, საწარმოებში სამუშაო პროცესის აღდგენას მაისის ბოლომდე, ეტაპობრივად აპირებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მაღაროელების ორთვიანი, უწყვეტი პროტესტის
პასუხად,
15:47 / 23.04.2025
მაღაროელების ორთვიანი, უწყვეტი პროტესტის პასუხად, "ჯორჯიან მანგანეზი" მადნის მომპოვებელ საწარმოებში რეორგანიზაციას აანონსებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და
მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2026
წელს დასრულდება.
13:04 / 23.04.2025
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.