"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ სისტემურ ხარვეზებსა და
ადამიანის უფლებების სტანდარტებთან მის წინააღმდეგობებს
აჯამებს.
ცენტრის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული უწყვეტი პროტესტისა
და წინააღმდეგობის ჩასახშობად, „ქართულმა ოცნებამ" ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით რამდენჯერმე შეიტანა
ცვლილება, რომელიც
როგორც ცალკეულ სამართალდარღვევებსა და მათთვის გათვალისწინებულ
სახდელებს, აგრეთვე საქმის უზრუნველყოფის ზომებთან (პირის გასინჯვა,
დაკავება) დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.
როგორც "სოციალურ სამართლიანობის ცენტრში" განმარტავენ, ეს ცვლილებები
პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო
გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს
უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო
სამართლის პრინციპებთან.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი მუხლი ცალკეული
სამართალდარღვევებისთვის აბსოლუტურად განსაზღვრულ სანქციას
ითვალისწინებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნორმა იმპერატიულად აწესებს
სახდელის ერთადერთ სახეს, მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის
განსაზღვრის ნაცვლად. შესაბამისად, მოსამართლეს საქმის ინდივიდუალური
გარემოებების შეფასების საფუძველზე სახდელის შერჩევის შესაძლებლობა არ
აქვს და მან ყველა შემთხვევაში კანონით პირდაპირ გათვალისწინებული
სახდელის სახე და ზომა უნდა გამოიყენოს.
აბსოლუტურად განსაზღვრული სახდელის მქონე სამართალდარღვევებს
მიეკუთვნება, მათ შორის, შეკრებებსა და მანიფესტაციაზე ნიღბის ტარება
(ჯარიმა -2000 ლარი), გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა (ჯარიმა- 5000
ლარი), ვანდალიზმი (ჯარიმა-1000 ლარი), მუნიციპალიტეტის ტერიტორიის
იერსახის დამახინჯება (ჯარიმა-1000 ლარი) და სხვ. კოდექსში გვხვდება
ისეთი მუხლებიც, რომელიც სახდელის ერთადერთ სახედ პირდაპირ
განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობის ითვალისწინებს",-
აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მკაცრ სახდელებთან ერთად, პრობლემურია ისიც, რომ
მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული სახდელები ერთმანეთთან შეუსაბამო
და არათანმიმდევრულია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა
შეკრება-მანიფესტაციებზე ხშირად გამოყენებულ სამართალდარღვევებთან
მიმართებით, რომლებზეც გაცილებით მკაცრი სახდელებია გათვალისწინებული,
ვიდრე უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ
დარღვევებზე.
"მაგალითად, საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული
ჯარიმა (2000 ლარი) 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის
გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას.
შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი
იმავე ოდენობის ჯარიმით (5000 ლარი) ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე
განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა",- აღნიშნულია "სოციალური
სამართლიანობის ცენტრის" შეჯამებაში, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ
იხილოთ
ბმულზე.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები