ახალი ამბები
4 მარტს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტს მოითხოვენ. დაცვის მხარის პოზიციით, ჟურნალისტისთვის წაყენებული ბრალი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რადგან სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. შესაბამისად, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.


"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი ჯერ ციხის საკანში, შემდეგ კი კლინიკაში შიმშილობდა, თუმცა, მისი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო, 38-ე დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე უარი თქვა. 28 თებერვალს, იგი კლინიკიდან რუსთავის ქალთა დაწესებულებაში დააბრუნეს, რაც მისი მოთხოვნა იყო.


ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელი ციხეში დააბრუნეს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


Print