"არის პრობლემები, სერიოზული გამოწვევები, თუმცა ინტენსიური მუშაობა
მიდის და შემიძლია, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია გულწრფელად
შევაქო, იმიტომ რომ მენეჯმენტი ამ მიმართულებით ძალიან კარგად აქვთ
დალაგებული",
- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას
განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მედიის წარმომადგენლებთან,
იმერეთის მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემებისა და
სტიქიის მართვის სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
მდინარაძის განცხადებით, დღეს დილით, იმერეთის რეგიონში,
ელექტროენერგია 25 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა, თუმცა,
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მუშაობის შედეგად, 5000-მდე აბონენტს აღუდგა
ელექტრომომარაგება.
„იმედია, ამ ინტენსივობით გაგრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენა.
რამდენიმე სოფელთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული
პრობლემა. მაგალითად, სამტრედიაში, გორმაღალთან კონტაქტი,
ფაქტობრივად, არ იყო, იმიტომ რომ ტელეფონების დატენვაც კი ვეღარ
შეძლეს, ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო.
გვყავდა ერთი ადამიანი, რომელიც იყო დიალიზზე, სჭირდებოდა გამოყვანა
და ფეხით შეძლეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გამოყვანა. არის მსგავსი
ბევრი პრობლემა, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს იმასთან
დაკავშირებით, რომ ყველა ასეთი პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრას და ეს
შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ხერხდება.
ამ პროცესს ახლავს ძალიან დიდი სირთულეები, თუმცა ამას ვუმკლავდებით
საბოლოო ჯამში. ასევე, გვაქვს ვანის მიმართულებით რამდენიმე სოფელში
პრობლემები, მაგალითად, გაჭირდა 30 ტონამდე აგრეგატების გადაადგილება,
რაც შეუთავსებელი იყო არსებულ რეალობასთან. მიმდინარეობს დამატებითი
ტექნიკის ჩამოყვანა, ინფრასტრუქტურის სამინისტროც გვეხმარება
ამაში.
ასევე, არის პრობლემები ბაღდათის მიმართულებით, თუმცა, იქ
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები: პირველი - საჭიროების
შესაბამისად ეხმარებიან ადამიანებს, მეორე მხრივ, მიდის
„ენერგო-პროსთან“ ერთად გაწმენდითი სამუშაოები იმ რთული
მიმართულებებით, სადაც არის დაზიანებები, რაც შემდეგ რამდენიმე ათასი
ადამიანის და ოჯახის ელექტრომომარაგების შეწყვეტასთან არის
დაკავშირებული და თუ იქ ვერ მივიდნენ, შემდეგ აღდგენითი სამუშაოები
ჭირს”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ქუთაისში იმყოფება, სადაც დიდთოვლობით გამოწვეული
პრობლემების მოგვარების სამუშაო პროცესში მონაწილეობს.
26 თებერვლას, გვიან ღამით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში
საკოორდინაციო სხდომა გაიმართა, რომელსაც
იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, სამინისტროების რეგიონული
სამსახურების უფროსები, "ენერგო პრო ჯორჯიასა” და ,,სოკარ გაზის”
წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფეისბუქგვერდზე "იმერეთის მხარე" განთავსებული ინფორმაციით, მამუკა
მდინარაძემ, იმერეთში, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული შეფერხების
შესახებ სახელმწიფო რწმუნებულისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა -
"იმსჯელეს როგორც განხორციელებულ სამუშაოებზე, ასევე სამოქმედო
გეგმაზე".
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა, დიდთოვლობის შედეგად
დაზარალებული იმერეთის მოსახლეობის დასახმარებლად
Facebook-ჯგუფი შექმნეს.
"ჯგუფი შექმნილია, რათა შეაგროვოს იმერეთის სოფლებში მცხოვრები
ადამიანების საჭიროებები; თავი მოუყაროს საჭირო რესურსს; იპოვოს
მოხალისეები, რომლებიც შეძლებენ სოფლებში რესურსების მიტანას
ადამიანებამდე; საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციაში ჩართვას", -
წერს ჯგუფის შემქმენლი.
ბოლო მონაცემებით, იმერეთში ჩაკეტილია 103
სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 ათასამდე აბონენტს,
ბუნებრივი აირი კი - 1 603 აბონენტს.
გარკვეული მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში შეჩერებულია
სასწავლო პროცესი.
იმერეთში მეოთხე დღეა, ინტენსიურად თოვს.
მასალის გამოყენების პირობები