"ქართული ოცნების" პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი,
რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები რიგ
შეზღუდვებსა და რეგულაციებს მოიცავას.
მაგალითად, ცვლილება, რომელიც კანონის მიღებას მოჰყვება, არის
მაუწყებლების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვა. ეს ეხება სოციალურ
რეკლამებსაც.
კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 66 პრიმა
მუხლს, რაც დაფინანსების საკითხებს ეხება, დაემატება შემდეგი
პუნქტი:
“აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან
არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების
სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა,
ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის
(საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია
უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა
კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის
მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან
თანადაფინანსება.
ასევე, 65-ე მუხლს, სოციალური რეკლამის შესახებ, დაემატება პუნქტი:
“დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების
სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.
კანონპროექტი უცხოურ ძალად განსაზღვრავს:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ
არის დაფუძნებული;
ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია,
კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის
ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და
საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“.
კანონპროექტის
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ
“მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი
ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის
ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა”. სწორედ ამიტომ, ავტორებმა
გადაწყვიტეს მისი დაფინანსების წესის შეზღუდვა, რათა შემცირდეს
“უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის
ფორმირებაზე ზეგავლენა”.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების”
დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი,
დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ
შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე,
ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი
კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა
და მამუკა მდინარაძე.
კანონპროექტი, რომელიც
„მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებს ითვალისწინებს, "ოცნების"
პარლამენტში 24 თებერვალს დარეგისტრიტრდა.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს
უარყოფითად აფასებენ
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა – საქართველოში".
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
" “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად
ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო
სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ
უფრო დაამძიმებს. მათი მთავარი მიზანია:
დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო
მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. იმ
ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, “ქართული
ოცნების” მთავრობისთვის საერთაშორისო პროგრამების შეჩერებაზე, ხოლო,
მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქართული მედიის
მხარდაჭერაზე საუბრობს, მსგავსი ნორმების შემოღების შედეგად
დამოუკიდებელი მედია ვეღარც ფინანსურ და ვეღარც სხვა ტიპის დახმარებას
მიიღებს. პირველ რიგში, ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი
ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე;
მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს
შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის
ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების
განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების
სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს,
ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა
კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა
იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები;
შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და
დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების
დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ
მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში
აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი,
ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს. თუ
აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი
ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული
ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული
ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და
კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება", -
ნათქვამია ორგანიზაციის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე.
პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად
კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში,
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ
კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და
ჯარიმები.
ამის პარალელურად "ოცნება" გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს
კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ასე მაგალითად:
- ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების
მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;
- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA]
„სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე
ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც
საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;
- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის
სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის
შესაბამისად“.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები