იმერეთში სახელმწიფო წმუნებულის, ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, ამ
დროისთვის, 103 სოფელი კვლავ ჩაკეტილი რჩება.
მისივე განცხადებით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 ათასამდე
აბონენტს, ბუნებრივი აირი კი - 1 603 აბონენტს.
ამასთან, სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია გარკვეული
მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში.
"12-ვე მუნიციპალიტეტში არსებული რესურსით ყველა შესაბამისი
ღონისძიება ტარდება. რეგიონის მასშტაბით, წუხელ, მთელი ღამის
განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები,
დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ჩაერთო",- განმარტა ლევან
ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს
ხარაგაულს: მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარი 2 მეტრზე
მეტია.
იმერეთში მე-4 დღეა, ინტენსიურად თოვს. 26 თებერვალს, გვიან ღამით,
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ თავდაცვის ძალებიც.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტეში მოქმედებს ცხელი ხაზი.
მასალის გამოყენების პირობები