„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს
დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა
მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე
გააკეთა.
მდინარაძის თქმით, მუხლი თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო
კოდექსიდან.
„დავიწყებ ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებით, რომელიც დღევანდელ
სხდომაზე უმრავლესობამ დაადასტურა. ჩვენი გადაწყვეტილებით,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება
თუ ვეტყვით, აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის
მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის
სამართლის კოდექსიდან, რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს, არ გაუკვირდეს
ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის
აპრილის თვეში”, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ
კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების
შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში,
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ
კანონში.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის
ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და
ჯარიმები.
მასალის გამოყენების პირობები