რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც შსს გზის გადაკეტვაზე ან სხვა
სამართალდარღვევაზე შეგვიდგენს ოქმს - ამ საკითხთან დაკავშირებით
იურისტი გოგა ხატიაშვილი, სოციალურ ქსელში, მოქალაქეებს საჭირო
ინფორმაციას უზიარებს.
ხატიაშვილის განცხადებით, ახალი რეპრესიული ცვლილებების
თანახმად, რომელიც 7 თებერვლიდან შევიდა ძალაში, შეკრებასა და
მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევევების ნაწილი შსს-ს
განსჯადი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმეები აღარ მიდის
სასამართლოში და ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
როგორც იურისტი აღნიშნავს, ასეთ სამართალდარღვევებს შორისაა:
ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აქციაზე ლაზერის
ქონა, ან სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა.
"
პირველი ნაბიჯი - როგორც წესი, შსს-დან ურეკავენ
მოქალაქეს და ეუბნებიან, რომ მის წინააღმდეგ შედგენილია
სამართალდარღვევის ოქმი, მივიდეს პოლიციაში და ჩაიბაროს. მოითხოვეთ,
რომ წერილობითი დოკუმენტი (ოქმი) საცხოვრებელ მისამართზე
გამოგიგზავნოთ.
მოქალაქეთა ნაწილს ოქმი სახლში მიუტანეს. ეს შეიძლება ჩაბარებად
ჩაითვალოს. ოქმი შეიძლება ჩაიბაროს სრულწლოვანმა ოჯახის წევრმაც. იმ
შემთხვევაში, თუ პოლიციას სახლში არავინ დახვდა, ეს ჩაბარებად არ
ჩაითვლება და შსს-ს კიდევ ერთხელ აქვს ოქმის ჩასაბარებლად გაგზავნის
ვალდებულება. მეორედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შსს საჯაროდ
აქვეყნებს საჯარიმო ქვითარს, რაც უკვე ჩაბარებად ითვლება.
მეორე ნაბიჯი – რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ
სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების უფლება ჯერ ზემდგომ
თანამდებობის პირთან (შსს-ში), შემდგომ - სასამართლოში.
სამართალდარღვევის ოქმი შსს-ში უნდა გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 10 დღის
ვადაში, ხოლო შსს-ს აქვს 30 დღიანი ვადა გადაწყვეტილების
მისაღებად.
შსს-ში გასაჩივრების შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება
გაასაჩივროთ საქალაქო/რაიონულ სასამართლოში, მისი ჩაბარებიდან 10 დღის
ვადაში. საბოლოოდ კი, საქალაქო/რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
შეიძლება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
დაჯარიმების შემთხვევაში, თუ მას არ გაასაჩივრებთ, ჯარიმის გადახდის
ვადა არის 30 დღე. ვადის გასვლის შემდეგ იწყება იძულებითი
აღსრულება.
გასაჩივრება აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივრის ფორმა იხილეთ
აქ.
მოითხოვეთ სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება",- წერს იურისტი სოციალურ
ქსელში.
"ქართული ოცნების" პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, ადმინისტრაციულ და
სისხლის სამართლის კოდექსში
რეპრესიული ცვლილებები მიიღო - მეორე და მესამე
მოსმენები 6 თებერვალს გაიმართა.
კერძოდ, ცვლილებები შევიდა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის
სამართლის კოდექსში. გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის
ვადა.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და
მსვლელობის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი
ათობით მოქალაქეს შეუდგინეს. სასამართლო განხილვები კი, უმეტესად,
მოქალაქეების გაზრდილი სახდელით, 5000 ლარით დაჯარიმებით სრულდება,
მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შსს-ს სასამართლოში მყარი
მტკიცებულებები წარდგენილი.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები