შსს-მ 2 თებერვალს, მოქალაქეების
მიერ, პროტესტის ნიშნად, თბილისის გასასვლელის ჯგუფურად გადაკეტვის
მცდელობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ
დაიწყო.
მათ შორის არის პოლიტიკოსი გიგი უგულავა. სამინისტროს მიერ
გავრცელებული ინფორმაციით, რვავე პირი დაკავებულია და მათ ოთხ წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"დაკავებული არიან: 1991 წელს
დაბადებული ი.წ., 1982 წელს დაბადებული ი.ტ., 2004 წელს დაბადებული
ნ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.ე., 1978 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994
წელს დაბადებული ა.გ., 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და 1975 წელს
დაბადებული გ.უ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის
მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში,
დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის
მიმართულებით გადაინაცვლეს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი
სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ
აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო
გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა
ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის
სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას", - ნათქვამია
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ბოლოს, უწყება
საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენასა და
პასუხისგებაში მიცემასაც აანონსებს.
დაკავებულების წინააღმდეგ საქმე
სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლითაა აღძრული, რაც
სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად
ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
2 თებერვალს, მოქალაქეებმა
დედაქალაქის გასასვლელის გადაკეტვა პროტესტის ნიშნად სცადეს.
საპროტესტო აქციაზე მყოფი სამართალდამცველები განსაკუთრებული აგრესიით
გამოირჩეოდნენ. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს.
აქტივისტების ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ისინი, უმეტესად თავის
არეში მიყენებული დაზიანებებით კლინიკებში მკურნალობენ. დაშავდნენ
მედიის წარმომადგენლებიც. მძიმე დაზიანება მიიღო ტელეკომპანია
"პირველის" ოპერატორმა ნიკო კოკაიამ.
ქვეყანაში 69 დღეა უწყვეტად მიმდიანრეობს საპროტესტო აქციები ახალი
არჩვნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.
უწყვეტი პროტესტი, ქვეყნის მასშტაბით, მას შემდეგ დაიწყო, რაც 28
ნოემბერს "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის
მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება.
მასალის გამოყენების პირობები