ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებული
კანონპროექტი სახელწოდებით - "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი",
კონგრესს, ვაშინგტონის დროით, სავარაუდოდ ხუთშაბათს
წარედგინება.
ინფორმაციას ამის შესახებ "ამერიკის ხმა" ავრცელებს. "არაღიარების
აქტს" კონგრესს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო
უილსონი წარუდგენს.
კანონპროექტი, რომელიც დემოკრატმა და რესპუბლიკელმა
კონგრესმენებმა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მოამზადეს, კრძალავს
შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით
მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას.
"ეს აქტი არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც
მიუთითებს, რომ ამერიკა "აქტიურად უნდა შეეწინააღმდეგოს ივანიშვილის
ლიდერობით მოქმედ ხელისუფლებასთან სხვა მთავრობების ურთიერთობას და
მათი მხრიდან აღიარებასა თუ ურთიერთობების ნორმალიზებასაც". ასევე,
აქტის თანახმად, "ამერიკამ სრულად უნდა აღასრულოს პირველადი და
მეორეული სანქციები და გამოიყენოს სხვადასხვაგვარი უფლებამოსილება,
მათ შორის, "მაგნიტსკის გლობალური აქტი" და აღმასრულებელი ბრძანება N
14024, რომ შეაკავოს კორუფციული ქმედებები, ან საქართველოს მხრიდან
ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის
სახელით გატარებული საგარეო გავლენის ოპერაციები", - წერია
აქტში.
ამერიკის კონგრესმა ასეთი კანონი 2023 წელს ასადის
ხელისუფლების წინააღმდეგ მიიღო. "ასადის მთავრობის არაღიარების აქტი"
- ასე ჰქვია კანონს, რომელიც კონგრესმა 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ
დაამტკიცა.
შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპული სახელმწიფოების
მიერ "ქართული ოცნების" ლიდერების დასანქცირებას, ვრცელი წერილი
მიუძღვნა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ და დასავლელ პარტნიორებს "დიფ
სთეითის" ქსელის წევრები უწოდა, რომლებიც "გლობალური ომის პარტიის"
კარნახით მოქმედებენ.
ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების
დასანქცირება, საქართველოში 2024 წლის, 26 ოქტომბრის არჩევნების
შემდეგ დაიწყო. საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს
დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა. საქართველოს მოსახლეობა კი ახალი
არჩევნების ჩატარებას ითხოვს. სხვადასხვა ქალაქში უკვე 43-ე დღეა
მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში მართავენ საპროტესტო აქციებს.
მასალის გამოყენების პირობები