ახალი ამბები
"2024 წელს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა"- TI
FaceBook
"2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე",- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელი “ქართული ოცნებისადმი”კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების ზრდის კუთხით საგანგაშო იყო. ამას ადასტურებს ისიც, რომ TI საქართველოს ცნობით, ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. კერძოდ, 28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.

"პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. “ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია წელსაც გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი - გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები",- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები, ნათლად გამოხატავს "ქართული ოცნების"  პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით.

"მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული.

მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს",- აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალი წლის ღამეს, პროევროპული აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის
წინ კვლავ შეიკრიბებიან.
16:18 / 30.12.2024
ახალი წლის ღამეს, პროევროპული აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ კვლავ შეიკრიბებიან.
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის
კურსდამთავრებულები და მასწავლებლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს
პეტიციით ეხმაურებიან.
13:34 / 30.12.2024
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულები და მასწავლებლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პეტიციით ეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.