ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, „ქართული
ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს,
სანქციები დაუწესა.
აღნიშნული
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის
უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა), 27 დეკემბერს,
თბილისის დროით 20:00 საათზე, გამოაქვეყნა.
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით,
ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ
შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში,
დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია
კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის
რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც
ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, -
აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ბიძინა ივანიშვილი სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ
სანქციადაკისრებულთა სიაში დაემატება. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ
დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს,
ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო
დეპარტამენტმა „გენერალური ლიცენზია #116“ გამოსცა,
რომლითაც აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ, განახორციელონ
ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის
50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუკი ეს კომპანია ცალკე არ
არის შეყვანილი SDN სიაში.
აღსანიშნავია, რომ სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან,
სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას (საუბარია $461 მილიონამდე
ლარზე) სპეციალური ნებართვის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები