"სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის
წინააღმდეგ",- ამის შესახებ "საიას" მიერ გამოქვეყნებულ
ანგარიშშია ნათქვამი, სადაც ერთთვიანი პროტესტია
შეჯამებული.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ
დემონსტრაციები მშვიდობიანია, პროტესტებს თვითნებურად და ძალადობრივად
არბევდა საპოლიციო ძალა.
"საიაში" განმარტავენ, რომ ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა
რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად, წამებას, არაადამიანურ და
დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებდა.
კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის აპრილიდან, სახელმწიფო
მუდმივად იყენებდა პოლიციის ძალადობას, დაშინებას და სხვა პრაქტიკებს,
რაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს,
თუმცა, 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების
ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.
"2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი
და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია
სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. აღნიშნულ პერიოდში განვითარდა
შემდეგი მოვლენები:
- წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების
ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია
დაკავებულთა უმრავლესობა.
- აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი,
წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ
მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;
- არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა
და მედიის წარმომადგენლებზე;
- მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ; რაც, რიგ
შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით
სრულდებოდა.
- უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (თვითნებური დაკავება შეეხო
500-მდე პირს)
- მოქალაქეთა უკანონო ჩხრეკა საჯარო ადგილებში, ჩხრეკა/ამოღების
ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;
- სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება
(დაკავებულია 40-მდე პირი);
- მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ - გარდა ფიზიკური ძალადობისა,
ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო
მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და
თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით.
- კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების
მიმართ, კერძოდ, შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: საქართველოს
კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; კანონი შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ; პოლიციის შესახებ კანონი; ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი.
- გამოწვევად რჩება, როგორც მიმდინარე აქციებზე, ისე, 2024 წლის
აპრილი-მაისის და 2023 წლის მარტის აქციებზე ძალადობის გამოძიების
არაეფექტიანობა",- აღნიშნულია "საიას" ანგარიშში, რომლის ვრცელი
ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ
აქ.
2024 წლის 28 ნოემბერიდან 1 თვე გავიდა, რაც ქვეყანა
ფართომასშტაბიანმა ყოველდღიურმა პროტესტმა მოიცვა, რომელიც თბილისსა
და საქართველოს სხვა ქალაქებში იმართება. მოქალაქეები „ქართული
ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების
შეჩერებას აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო
არჩევნებს და აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას.
ფოტო: რადიო თავისუფლება
მასალის გამოყენების პირობები