პროევროპულ აქციებზე,
დემონსტრანტების მიმართ, საპოლიციო ძალების მხრიდან წამების პრაქტიკის
გამოყენება ხდებოდა.
ამას ადასტურებს ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო ექსპერტიზები.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", სხვა ორგანიზაციებთან ერთად,
პროტესტის დროს, დაკავებისა და დაკავების შემდეგ ნაცემი აქტივისტების
შესახებ მტკიცებულებები შეაგროვა. წინასწარი შედეგების მიხედვით,
რომელიც ეყრდნობა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებს,
დემონსტრაციებზე დაკავების, ძალადობისა და ფიზიკური დაზიანებების
მიყენების 99 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის 45 ჟურნალისტი. 11
პირის შემთხვევაში კი, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო
შეფასებით, საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებულია წამების
პრაქტიკა. მტკიცებულებები აჩვენებს მსხვერპლთა ტრამვების შემაშფოთებელ
მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია.
ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის ძვლის
მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური
დაზიანებები. ზოგიერთი შემთხვევა მიუთითებს შესაძლო ნევროლოგიური
დაზიანებების არსებობაზე, ასევე, ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
მტკიცებულებების შეგროვებასა და
დოკუმენტირებაში ჩართულმა ორგანიზაციებმა, შეაგროვეს ძალადობის
მსხვერპლთა ჩვენებებიც, სადაც დემონსტრანტები საუბრობენ პოლიციელების
მიერ ე.წ. "მყარი გარსის ხელთათმანების" გამოყენებაზე, უმეტესად სახის
არეში. როგორც ცნობილია, მსგავსი აღჭურვილობა ზრდის დარტყმის ძალას და
იწვევს მძიმე დაზიანებებს. რამდენიმე დაზარალებულმა, ასევე, აღნიშნა
ნეკნებისა და ხერხემლის დაზიანებები, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს
ხაზს თავდასხმების სიმძიმეს. გამოძიებისას, ბევრ პირს ასევე
აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სიწითლეები ქვედა კიდურებზე,
განსაკუთრებით ბარძაყების უკანა მხარეს, რაც შეესაბამება ჩვენებებს,
რომ მათ იატაკზე ან პირაღმა წოლისას აბიჯებდნენ ფეხებს და სცემდნენ.
დემონსტრანტები ყვებიან, რომ მათ ჯერ ბოჭავდნენ, შემდეგ ურტყამდნენ და
ფეხით დგებოდნენ მათზე, ხშირად ეს ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებაში,
რაც უზრუნველყოფდა მათი მოქმედების საიდუმლოებასა და სრულ
კონტროლს.
მსხვერპლებმა ასევე განაცხადეს, რომ
თავდასხმებს ხშირად თან ახლდა შეურაცხყოფა, მუქარები (მათ შორის
სექსუალური ძალადობის შესახებ) და დამცინავი თუ დამამცირებელი
კომენტარები. რესპონდენტებმა, ასევე, აღნიშნეს ჟურნალისტებზე
თავდასხმებისა და დაკავების შემთხვევები, მათ შორის იმ ჟურნალისტების,
რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი, პრესის აღმნიშვნელი საიდენთიფიკაციო
ნიშანი. მათ თავს დაესხნენ და დააკავეს როგორც დემონსტრაციის ადგილზე,
ისე ახლომდებარე ქუჩებზე.
დოკუმენტირების პროცესის მონაწილე
ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას დაგმონ
დემონსტრანტების, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და
პოლიტიკური აქტივისტების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის
სისტემური პრაქტიკა და მოუწოდონ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს,
უზრუნველყონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური
გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები