ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც
მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ
აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები
მიიტანეს.
"არა მოძალადე რეჟიმს" - ამ სლოგანით მათ ქუთაისის მერიის
გადაწყვეტილება, საზეიმოდ აანთოს ნაძვის ხე, კიდევ ერთხელ
გააპროტესტეს და თქვეს, რომ "ქართული ოცნება" პარალელური რეალობის
შექმნას ცდილობს.
"მორალური უფლება არ მაქვს ახალი
წელი ვიზეიმო, როდესაც საპროტესტო აქციის ამდენი მონაწილე უსამართლოდ
იმყოფება ციხეში. მეც შვილები მყავს და არ მინდა მათი ისეთ ქვეყანაში
აღზრდა, სადაც სისტემა ასე სასტიკად უსწორდება მოქალაქეებს", - ამბობს
აქციის მონაწილე ხატია სვანაძე.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. აქციის პარალელურად,
საახალწლო ვაჭრობა მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა, 20 დეკემბერს, ქუთაისის მერიას
მოუწოდეს უარი ეთქვა ნაძვის ხის საზეიმოდ
ანთებაზე და მხოლოდ სიმბოლურად გაენათებინა, ისე, როგორც ეს
დედაქალაქში მოხდა, თუმცა, მერიამ მოქალაქეთა მოწოდება არ
გაითვალისწინა და ქალაქის ცენტრში გასართობ ღონისძიებებს მაინც
ატარებს. 19:00 საათზე კი ნაძვის ხის საზეიმოდ განათებას
გეგმავს.
პროევროპულ აქციებზე, რომელიც 28
ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იმართება ქვეყნის დიდ ქალაქებში,
ხუთასამდე ადამიანი დააკავეს, 300-ზე მეტს კი სასტიკად
სცემეს.
მასალის გამოყენების პირობები