ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე ქართული დიპლომატიური
პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე
უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური
პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის
წამოწყებას.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკომისიას
ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა.
კომისია ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე დაასრულეს
მსჯელობა საქართველოს შესახებ.
დიპლომატიური პასპორტით სარგებლობს ათობით მაღალჩინოსანი საქართველოში.
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა
შესახებ კანონით დიპლომატიური პასპორტი მიეცემათ:
ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მათ
მეუღლეებს;
დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა
და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ უფლებამოსილების ვადის გასვლის
შემდეგაც;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო, უზენაესი სასამართლოების
თავმჯდომარეებს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს სახალხო
დამცველს;
გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრებს, ავტონომიური რესპუბლიკების
უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს, პარლამენტის
აპარატის უფროსს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსს,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, ამავე დეპარტამენტის
განყოფილებების უფროსებს, წამყვან სპეციალისტებს და უფროს
სპეციალისტებს;
ე) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს, სახელმწიფო
კანცელარიის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის
თანაშემწეებსა და საპარლამენტო მდივანს, ეროვნული უშიშროების საბჭოს
წევრებსა და მდივნის მოადგილეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს
აპარატის სამსახურების უფროსებს, საქართველოს მინისტრებს, ვაჭრობისა
და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრის მოადგილეებს,
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, საბაჟო, რკინიგზის, საზღვაო
სანაოსნოს, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტების თავმჯდომარეებს,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკების
მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს,
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და "მშვიდობიანი კავკასიის"
საკითხთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარეს, სახელმწიფო კანცელარიის
საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის,
საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსებს, მათ მოადგილეებსა
და რეფერენტებს, საერთაშორისო სამართლის საკითხებში მთავარ
კონსულტანტს;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს კონტროლის
პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის
პრეზიდენტს, საქართველოს გაზის საერთაშორისო კონცერნის პრეზიდენტს,
ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
თავმჯდომარეს;
ზ) საქართველოს პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა
განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, თბილისის
სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორს, თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური
ინსტიტუტის რექტორს;
თ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს მხარეებში, ქალაქ
თბილისის მერსა და მუნიციპალიტეტის პრემიერს, ქალაქების ქუთაისის,
რუსთავის, ფოთის მერებს, ბათუმის, სოხუმისა და ცხინვალის საქალაქო
მმართველობის ორგანოთა პირველ ხელმძღვანელებს;
ი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის უცხოეთის
ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ მუშაკებს,
საზღვარგარეთ არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიურ
რანგში მყოფ თანამშრომლებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა
მეთაურებს, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო ატაშეებს, ზემოთ
ჩამოთვლილი პირების საზღვარგარეთ მუშაობის მუშაობის პერიოდში
მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური
კურიერებისა).
მასალის გამოყენების პირობები