მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის,
ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,
საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო
გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე,
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ახალქალაქი-კარწახის
საავტომობილო გზაზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზეც.
ამასთან, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური
პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, მოძრაობა
დროებით ასევე აკრძალულია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის
კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის
საზღვარი) მონაკვეთზე, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის
კმ86-კმ106(სოფ.პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე,
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და რთული
მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო,
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე.
როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საავტომობილო გზები
იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა, მეტეოროლოგიური
პირობები რჩება ჯერ კიდევ რთული, რის გამოც, თხოვენ მძღოლებს იმოძრაონ
გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და
გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 დეკემბერს დაბლობსა
და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების
ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე
დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების
გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები