დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანება "გილდია"
საგაფიცვო ფონდს აფუძნებს.
ფონდი დაეხმარება იმ ადამიანებს, ვინც "ქართული ოცნების" ანტიევროპულ
პოლიტიკას პროტესტს უცხადებს და იფიცება.
"გაუწყებთ, რომ ვაფუძნებთ საგაფიცვო ფონდს გაფიცულთა იმ ნაწილის
მხარდასაჭერად, ვისი შემოსავალიც "გამომუშავების" პრინციპს
ეფუძნება. თუ ფიქრობთ, რომ გაფიცვა მნიშვნელოვანია, დაგვეხმარეთ
შევქმნათ პრეცედენტი, სადაც გაფიცულთა პირველი მერცხალი მიიღებს
საზოგადოებრივ სოლიდარობას! აღნიშნული ფონდი გამოადგებათ, როგორც
კერძო თეატრებს, რომლების დონაციაზე არ არიან, ასევე შეიძლება
გამოადგეთ კურიერებსაც, რომელთა შრომის ანაზღაურებაც ასევე
გამომუშავებაზეა დამოკიდებული", - წერს "გილდია" გავრცელებულ
განცხადებაში.
ანგარიშის ნომერი - #GE21BG0000000603338492
მიმღები - ა.ა.ი.პ მშრომელთა კავშირი
დანიშნულება - გააძლიერე გაფიცვა
საქართველოში მეთხუთმეტე დღეა უპრეცედენტო პროტესტი მიმდინარეობს.
მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან "ქართული ოცნების" ანტიევროპულ
პოლიტიკას და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას. ამ დღეების
განმავლობაში, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, არც ერთ დღეს
საპროტესტო აქციის გარეშე არ ჩაუვლია. "ქართული ოცნება" მოქალაქეთა
მშვიდობიან პროტესტს ძალადობით პასუხობს. ფიზიკურად უსწორდება და
აპატიმრებს დემონსტრანტებს. მიზანმიმართულად ესხმის თავს მედიის
წარმომადგენლებს. საპროტესტო აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა,
ათობით მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა მძიმე დაზიანებები
მიიღო.
ამ დღეების განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 460-ზე მეტი
დემონსტრანტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან პოეტები, მწერლები,
მსახიობები, ექიმები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
დაპატიმრებას ვერ გადაურჩნენ სტუდენტები და არასრულწლოვნები.
აქტივისტები, რომლებმაც იზოლატორები უკვე დატოვეს, ყვებიან
არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, მუქარასა და
დაშინებაზე, რომელსაც მათ მიმართ სამინისტროს თანამშრომლები
ახორციელებენ.
"ქართული ოცნების" მიერ ქვეყანაში დაწყებული ტერორის მიუხედავად,
მოქალაქეები არ შინდებიან და აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის ევროპული
მომავლისთვის. უწყვეტი საპროტესტო აქციების პარალელურად, სხვადასხვა
სფეროს წარმომადგენლები იფიცებიან და ასე ცდილობენ დისკომფორტი
შეუქმნან ქვეყნის სათავეში მყოფ პოლიტიკურ ძალას.
მასალის გამოყენების პირობები