სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
ომბუდსმენმა ბრიფინგზე შესაბამისი სტატისტიკა წარმოადგინა.
"ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ
327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე,
ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს
ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და
დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული,
პასუხისგებაში მისცეს"- განაცხადა იოსელიანმა.
28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ
აქციებზე 460-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. მათგან 31-ის მიმართ
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს
დანაყოფები, დაკავებისას და დაკავების შემდეგაც, აქტივისტებს
ფიზიკურად უსწორდებიან. დაკავებულები საუბრობენ, პოლიციის
განყოფილებებში გადაყვანის პროცესში, შსს-ს ავტომობილებში, მათ მიმართ
სასტიკად ცემაზე, გინებასა და მუქარაზე. სპეციალური დანიშნულების
რაზმის წევრები და "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული პირები
სასტიკად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებსაც.
7 დეკემბერს, ნიღბიანი პირები, რომელთა ნაწილის იდენტიფიცირება მედიამ
მალევე მოახდინა, პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ და სასტიკად
გაუსწორდნენ ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და
მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით
ადრე, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა, ასევე
პირდაპირ ეთერში სცემა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს გურამ
როგავას, რომელმაც სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
უცნობი პირები დაესხნენ თავს გამოცემა "პუბლიკას"ჟურნალისტს მინდია
გაბაძესაც.
"ქართულმა ოცნებამ" აამოქმედა,
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე
დამკვიდრებული სატელეფონო დაშინების პრაქტიკაც. მოქალაქეები სოციალურ
ქსელებში წერენ, რომ მათ უცნობი პირები ურეკავენ და დემონსტრაციებში
მონაწილეობის გამო ემუქრებიან.
"ქართული ოცნება" მასობრივი ტერორით
ცდილობს საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას.
მასალის გამოყენების პირობები