ქუთაისში, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, საპატრულო პოლიციის
იმერეთის მთავარ სამმართველოსთან, აქცია გამართეს.
მდუმარე აქციაზე, მედიის წარმომადგენლებმა კოლეგების მიმართ სასტიკი
ანგარიშსწორება გააპროტესტეს და პოლიციას მოუწოდეს, დაიცვან მათი
უსაფრთხოება და სიცოცხლე.
მათ ადგილზე თბილისში მიმდინარე აქციებისას დაშავებული მედიის
წარმომადგენლების ფოტოებიც მიიტანეს.
"ის, რაც გასული 10 დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
განსაკუთრებით კი თბილისში ხდება, არის შემაშფოთებელი და კატეგორიულად
დაუშვებელი. მე მივმართავ "ოცნების" ხელისუფლებას, თავი დაანებოს
ჟურნალისტებზე თავდასხმას, ასევე მივმართავ შსს-ს, დაუყონებლივ
გამოიძიონ, ვინ არიან ის პირები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს ასე
სასტიკად უსწორდებიან",- განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი
ვაჩიბერაძემ.
„TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს
შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ
თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისის ცენტრში, პარლამენტიდან
რამდენიმე მეტრში, ბესიკის ქუჩაზე.
თავდასხმის ამსხველ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რამდენიმე შენიღბული პირი
გიორგი შეწირულს ძირს აგდებს, თავში წიხლებს ურტყამს. თავდასხმის
დროს ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო
სამსახურმა. მანამდე პროევროპულ აქციაზე უცნობმა პირებმა თუ
სამართალდამცველებმა არაერთ ჟურნალისტზე იძალადეს.
ათი ღამეა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დემონსტრაციები
იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28
ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო
არჩევნების ჩატარებასაც. მათ მოთხოვნებს ბოლო დღეებში შეემატა
საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ინფორმაციით, 28
ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე დაკავებულია 400-ზე მეტი
ადამიანი .
350-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის საფუძველზე, 26 აქტივისტის მიმართ აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე. დაკავებულთა ასაკი 15 წლიდან იწყება.
ნაცემია 300- ზე მეტი მოქალაქე, მათგან ჰოსპიტალიზება დასჭირდა 80-მდე
პირს.
მასალის გამოყენების პირობები