ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობამ,
სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას
ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
განცხადებაში, რომელსაც ხელს 700 სტუდენტი აწერს, აღნიშნულია,
რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე შეუძლებლად მიაჩნიათ
სწავლის ან/და ნებისმიერი სხვა აქტივობის ისე გაგრძელება, თითქოს
ყველაფერი რიგზეა.
სტუდენტების თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ნებისმიერ
პარტიულ ინტერესს აღემატება.
"შეუძლებელია ვუყურებდეთ, თუ როგორ ექცევიან ჩვენს თანატოლებს,
მეგობრებს და მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტისავე სტუდენტებს და, ამ
დროს, ჩვენ გვიწევდეს აკადემიურ საკითხებზე ფიქრი.
შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ
საკუთარი პოზიციის თავისუფლად დაფიქსირება, დროებით შეჩერდეს სასწავლო
პროცესი, ან იმ სტუდენტებს, რომლებიც პროტესტის გამო ვერ მოახერხებენ
აკადემიურ საქმიანობაში ჩართვას, მიეცეთ შესაბამისი აქტივობების
აღდგენის საშუალება. განცხადებას თან ვურთავთ ვიდეოების იმ მცირე
ჩამონათვალს, რომლის საკუთარ თავზე ატანა/ყურებაც ბოლო 72 საათია
გვიწევს",- აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.
საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო,
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე
მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას
ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ფოტო: Gela Riabukha
მასალის გამოყენების პირობები