აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და
სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და
განცხადებას ავრცელებს.
მათი განმარტებით, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო
განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას წარმოადგენს. ამიტომ
ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ გადაწყვეტილებას
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან
დაკავშირებით.
"ჩვენ აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ
გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების,
განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ
განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ
მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი
ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ
საზოგადოებას.
მივიჩნევთ რა, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება
ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის მომავლის
სადარაჯოზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში
და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და
მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს“,- აღნიშნულია
განცხადებაში.
განცხადებას ხელს ამ ეტაპზე 600-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და
სტუდენტი აწერს.
საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო,
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე
მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას
ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
მასალის გამოყენების პირობები