„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
პარლამენტში პირველი სხდომა დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე
დაიწყო.
პირველ სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები ესწრებიან -
დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, არჩევნების
შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
პარლამენტის არალეგიტიმურობაზე მიუთითებს იურისტი ვახუშტი
მენაბდეც.
მისი განმარტებით, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო
არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის
მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია,
ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი
მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ
კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“, - აღნიშნავს მენაბდე.
პარლამენტის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. აქციის
მონაწილენი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი უფლების, ხმის
ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო.
საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დაარეგისტრირა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეული არ არიან
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების
წარმომადგენლები,
ყველაფერთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების
გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართულმა
ოცნებამ" 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას
ჯამში 61 მანდატი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები