„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ
19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად
გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და
თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას“.
ასე იწყება განცხადება, რომელსაც საქართველოს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები
და დოქტორანტები აწერენ ხელს. ისინი 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის
დაშლას გმობენ.
„უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და
პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა
— კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი
აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების
დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც
თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ
დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას… “ - წერია
განცხადებაში.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საგანმანათლებლო
სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა
იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური
უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ
შეხედულებებისა. მათი ტქმით, 19 ნოემბერს სწორედ ეს ფუნდამენტური
პრინციპი უხეშად დაირღვა.
"ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს
სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს
აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს. იმავდროულად მიგვაჩნია, რომ
აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ
საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ
გაუკეთებია".
აკადემიური სფეროს წარმოადმგენლები იზიარებენ ახალგაზრდა თაობის
მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის
დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის
— ეს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, აღნიშნულია
აგნცხადებაში.
„ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი
სტუდენტების ხმა ისმის. უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე
ანდა ძალადობის თანამონაწილე — იგი უნდა დარჩეს თავისუფლების,
კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად“.
ერთობილივ განცხადებას, 450-მდე ადამიანი უერთდება.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის
მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.
მასალის გამოყენების პირობები