ქუთაისის
მერიიდან, არჩევნების შემდეგ, სამსახურიდან
გათავისუფლებული ცოტნე თვარაძე მერიას ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში უჩივის.
ცოტნე თვარაძე სასამართლოს სარჩელით მიმართავს, სადაც მერიაში
გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე 4-წლიანი მუშაობის შემდეგ,
სამსახურიდან გაშვებას აპროტესტებს.
როგორც მისი ადვოკატი დავით ომსარაშვილი განმარტავს,
თვარაძე მერიიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, ამიტომ სარჩელით
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში
აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.
"ჯერჯერობით ეს მოცემულობა გვაქვს, თუმცა, შეიძლება, გარკვეულწილად,
მოდიფიკაცია განიცადოს ამ სარჩელმა და მოთხოვნები კიდევ დავამატოთ.
მივმართეთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ახლა ველოდებით, რომ
წარმოებაში მიიღოს ეს საქმე",- ამბობს დავით ომსარაშვილი
"ქუთაისიპოსტთან".
ადვოკატის თქმით, სარჩელი 18 ნოემბერს შეიტანეს
და სასამართლოს საქმის წარმოებაში მიღებისთვის 5 დღის ვადა
აქვს.
პროფკავშირის იურისტი და ცოტნე თვარაძის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი
დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღნიშნული სამსახური ერთადერთი შემოსავლის
წყარო იყო.
"ამიტომაც, მნიშვნელოვანია, სასამართლომ მალე და ადეკვატური პასუხი
გასცეს ამ უკანონობას", - ამბობს ომსარაშვილი.
ცოტნე თვარაძეს, რომელიც ქუთაისის მერიას პოლიტიკური ნიშნით
სამსახურიდან გაშვების ბრალდებას უყენებს, ხელშეკრულება ნოემბრის
თვიდან არ გადაუგრძელეს, როგორც
თავად ამბობს, იმ მიზეზით, რომ 26
ოქტომბრის არჩევნებში ხმა "ქართულ ოცნებას" არ მისცა. "მე,
როგორც ადმინისტრაციული რესურსი,
ვერ გამომიყენეს",- აღნიშნავს ის.
თვარაძის განმარტებით, სამსახურში მმართველი პარტიისთვის კონკრეტული
მასალების დამზადება სთხოვეს, რაზედაც უარი თქვა. ამის შემდეგ იყო,
არჩევნები, სადაც როგორც განმარტავს, "ოცნების"
დამკვირვებელი კონვერტიდან მის ბიულეტენს მანამ აცურებდა, სანამ
მარკერის კვალი არ გამოჩნდა.
ცოტნე თვარაძე მერიაში ერთადერთი დიზაინერ-გრაფიკოსი იყო, რომელიც 4
წლის განმავლობაში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა ბალდის კანიონის
პროტესტში, ამიტომ მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად აღნიშნულსაც
მოიაზრებს.
ქუთაისის მერიაში თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან
გაშვების ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ამავე თემაზე:
მერიას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან
გაშვების ბრალდებას უყენებენ
მასალის გამოყენების პირობები