17 ნოემბრის ღამისთევის შემდეგ, პროტესტის
შემდგომ სტრატეგიაზე ოპოზიციის ლიდერები დღეს საღამოს
გამოაცხადებენ.
როგორ გაგრძელდება ბრძოლა, ამის შესახებ საზოგადოებას დღეს, შვიდ
საათზე ეცნობება. ლიდერებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, დათქმულ დროს
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიკრიბნონ.
"ძლიერი წინააღმდეგობის აქტი იყო გუშინდელი დღე და ეს ბრძოლა საბოლოოდ
უნდა გადაითარგმნოს ახალ არჩევნებში. ყველას გელოდებით დღეს, შვიდ
საათზე, უნივერსიტეტთან", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური
მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.
ამ დროისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროტესტი
მიმდინარეობს. მოქალაქეებმა გუშინდელი ღამე კარვებში გაათენეს. აქციის
გამო, უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა
შეზღუდულია. ქუჩების გადაკეტვის გამო, განცხადება უკვე გაავრცელა
თბილისის მერიამ და განმარტა, რომ სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელია
ალტერნატიული ქუჩებით.
მასალის გამოყენების პირობები