ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი
კალანდარიშვილს კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა დავით კირთაძემ შავი
საღებავი შეასხა.
სხდომაზე, სადაც კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების
შედეგებს აჯამებს, კირთაძესა და კალანდარიშვილს შორის სიტყვიერი
კამათი დაიწყო, რა დროსაც ცესკოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ წევრს
მიკროფონი გაუთიშა. ამის შემდეგ, კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს
სახეში შავი საღებავი შეასხა. "შენ ხარ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, შენ
ხარ შავი ლაქა", - მიმართა კირთაძემ კომისიის თავმჯდომარეს.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც გიორგი კალანდარიშვილმა
სხდომა ახვეული თვალით გააგრძელა. საღებავის შესხმის შედეგად, ცესკოს
თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, დაზიანება მიიღო.
არჩევნების დღეს, ბიულეტენებზე
საარჩევნო სუბიექტის ნომრის გაფერადების შემდეგ, მელნის კვალი
ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა, რითაც მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის
ხმის ფარულობა. ამის შემდეგ, შავი წრე მოქალაქეების მიერ პროტესტის
გამოხატვის სიმბოლოდ იქცა. კირთაძის მიერ საღებავის შესხმაც ამ
დარღვევის მიმართ პროტესტს გამოხატავდა.
დღევანდელი სხდომის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო
კომისია შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები