უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, საავტომობილო გზებზე
შეზღუდვები დაწესდა.
კერძოდ, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე,
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალია.
ასევე, თოვის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის
კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი
ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, საავტომობილო გზის
კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს, დასავლეთ
საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში,
მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს
ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე
შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები