ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა
საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და
საპროტესტო აქცია გამართეს.
მათ ბანერები, წარწერით "მონობა სიჩუმით იწყება", "მე ვნახე
გაყალბება", "არ ვეგუებით მონობას" გაშალეს.
"ვაპროტესტებთ "ქართული ოცნების" მიერ ჩვენი ევროპული არჩევანის
წართმევას, არჩევნების გაყალბებას და იმ
რუსულ ტერორს, რომელსაც ახორციელებს რუსული ოცნება. ჩვენ არ ვაპირებთ
ამასთან შეგუებას",- განაცხადა აწსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა
გიორგი ჟიბამ.
ამასთან, სტუდენტებმა ბათუმელ თანატოლებს, რომლებმაც გაყალბებული
არჩევნების წინააღმდეგ უწყვეტი აქციები 13 ნოემბრიდან დაიწყეს,
სოლიდარობა გამოუცხადეს.
"ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, წართმეულ ხმებს და წართმეულ
თავისუფლებას. ასევე, აქ გამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ
ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლ,
პირველ რიგში, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს და მოვუწოდებთ
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, გამოვიდნენ გარეთ, დაგვიდგნენ
გვერდით, იმიტომ რომ თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი
ქვეყნისთვის",- განაცხადა აწსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა
მარიამ მინდელმა.
სტუდენტების თქმით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ქუთაისში არჩევანი 81 242 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქალაქში
რეგისტრირებული ამომრჩევლების 53,27%-ს შეადგენს. აქედან, 47,25% - 38
089 ხმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.
არჩევნებიდან მესამე დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში, ქუთაისსა და სხვა
ქალაქებში, მოქალაქეებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. აქციის
მონაწილეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვება,
საქართველოში რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს, რასაც ქართული საზოგადოება
არ შეეგუება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მასობრივი დაშინებისა და
მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ
მმართველი პარტიის მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც ზეწოლას
ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე, სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ
მედიის წარმომადგენლებზე.
მასალის გამოყენების პირობები