ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განიხილა მიმდინარეობს
FaceBook
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", ელექტრონულ უბნებზე არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

პროცესმა სააპელაციოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები ჯერ უბნების შესაბამისი ოლქების, შემდეგ კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

მესამე სექტორის წარმომადგენლების საჩივრების განხილვა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, გუშინ, 6 ნოემბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს 14:30 საათიდან გაგრძელდება.

"ვითხოვთ არჩევნების შედეგების ბათილობას ყველა ელექტრონულ უბანზე, ფარულობის დარღვევის გამო. პირველად მივმართეთ ყველა ოლქს დასავლეთში, შემდეგ საქალაქო რაიონულ სასამართლოებს და რადგან ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ახლა ვართ აპელაციაში. გუშინ განიხილა აპელაციამ ნაწილი ამ დავებისა, დასავლეთ საქართველოსი, ნაწილს განიხილავს დღეს. ვერბალური კომუნიკაცია იყო მხოლოდ, რაიმე კვლევა ადგილზე, ბიულეტენის, ან აპარატის არ მომხდარა", - განმარტა "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარინე სალდაძემ.

ქუთაისის 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობასა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი და იურისტი ლელა მოწონელიძე განმარტავს, რომ კოალიცია "ჩემი ხმა ევროკავშირთან" ერთად, რომელიც 30 ორგანიზაციას აერთიანებს, საჩივრები სხვადასხვა ოლქში აქვთ წარდგენილი.

"ქუთაისის და ზუგდიდის ოლქში დაწერილი ჩვენი საჩივრის შესახებ იყო განხილვა. ქუთაისის შემთხვევაში, ვითხოვდით 17 უბნის შედეგების ბათილობას, ასევე ამ უბნებზე სხვადასხვა ტიპის დარღვევების გამო,
საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრთა პასუხისმგებლობას. იგივე მოთხოვნა გვქონდა ზუგდიდის 4 უბანთან მიმართებაში. ჩვენ ეს საჩივარი გვქონდა ოლქებშიც წარდგენილი, სადაც არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, ამიტომ მათი დადგენილებები გავასაჩივრეთ ქუთაისის საქალაქოსა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოებში და რადგან პირველი ინტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა, წავიღეთ სააპელაციოში გასაჩივრების წესით", - განაცხადა ლელა მოწონელიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მის მიერ დაყენებული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ლელა მოწონელიძე მოსამართლე შოთა სირაძის აცილებას ითხოვდა, რადგან ის წარსულში ხობის საკრებულოში თანამდებობას იკავებდა, მისი შვილი კი ამ დროისთვის თანამდებობის პირია, თუმცა აცილების მოთხოვნა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა.

"ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია ამ ფაქტებს გავლენა ექონია მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ ვიშუამდგომლეთ, თუმცა ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა. მეორე შუამდგომლობა ეხებოდა ექსპერიმენტის ჩატარებას, ვითხოვდი მოეტანათ ბიულეტენის, ჩარჩო კონვერტის, ასევე მარკერის ნიმუში და თავად გაეკეთებინათ ეს პროცესი, რასაც ჩვენ ვხდით სადაოს და რატომაც ვითხოვთ ბათილად იყოს ცნობილი კონკრეტული უბნები, მაგრამ არც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა", - განაცხადა ლელა მოწონელიძემ.

საარჩევნო დარღვევების საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლე განიხილავს, მათ შორის, არის შოთა სირაძეც. აღსანიშნავია, რომ შოთა სირაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ოჯახის წევრია. ამის გარდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ შოთა სირაძე 2012-2014 წლებში იყო ხობის გამგეობის თანამშრომელი; 2014-2015 წლებში გახლდათ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე. იგი საკრებულოში არჩეულ იქნა მაჟორიტარ დეპუტატად პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან", რაც დასტურდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, რომელიც საჯაროა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ხუთი შუამდგომლობიდან, მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. კერძოდ, საქმის განხილვას თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება დაურთო, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების ნაწილის განხილვა დღეს გაგრძელდება და მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაც დღეს გახდება ცნობილი.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც "ცესკოს" მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 53%-ზე მეტი მიიღო.

არჩევნები მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ მმართველი პარტიის მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ ამომრჩევლებზე, სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ მედიის წარმომადგენლებზე.

მთავარი ფოტო: სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.