ახალი ამბები
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოების პროცესს აჩერებს
FaceBook
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან, საწარმოო სიმძლავრეებს თიშავს და ფეროშენადნობების წარმოების პროცესს აჩერებს.


"ჯორჯიან მანგანეზში", რომელიც საწარმოში 100%-იანი წილის მფლობელია, წარმოების პროცესის შეწყვეტას მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნისა და მოთხოვნის შემცირების მიზეზით ხსნიან. ასევე, აცხადებენ, რომ გართულებულ პირობებს თან დაერთო მადნის დეფიციტი, რაშიც სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს ადანაშაულებენ. 

"ჩვენმა კონტრაქტორმა "ჭიათურა მენჯმენტ კომპანიამ", ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა.

ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას",- აღნიშნულია "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაში. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოების პროცესი პირველ მარტამდე იქნება შეჩერებული და ამ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის მხოლოდ 60%-ს გადაუხდიან. 

ამასთან, განმარტავენ, რომ შეუნარჩუნებენ სადაზღვეო პაკეტს, თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს აუნაზღაურებენ.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მსგავსად, მუშაობა გააჩერა ჭიათურის მაღარომაც. "ჯორჯიან მანგანეზი" საწარმოო პროცესის შეჩერებას, ამჯერადაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის შედეგად წარმოშობილ ფინანსურ კრიზისს აბრალებს.

საწარმოების მუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ, 31 ოქტომბერს, გავრცელდა.

სოფელ შუქრუთში უწყვეტი პროტესტის 236-ე დღეა. მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მანგანუმის მოპოვების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებს და ზარალის შესაბამის კომპენსაციას ითხოვს. ამ ხნის მანძილზე, სოლიდარობის ნიშნად, შუქრუთში არსებული ყველა ვახტა და მაღარო გაჩერებული იყო.

„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანიის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი, სადაც მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტს – სილიკომანგანუმს აწარმოებს და „ვარციხეჰესი“, სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.


ამავე თემაზე:

რატომ აჩერებს ჭიათურის მაღარო მუშაობას - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობას ადანაშაულებს

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.