ახალი ამბები
რატომ ენდობიან "შუქრუთელები" ისევ ხელისუფლებას?!
FaceBook
საქართველოს პარლამენტთან 44 დღიანი უწყვეტი აქციის და შიმშილობის შემდეგ, ჭიათურაში დაბრუნებული შუქრუთელები ხელისუფლებას ნდობას უცხადებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ ამ პროტესტში მათ თავიდანვე ხელისუფლების იმედი ჰქონდათ.

"2019 წლიდან ვითხოვდით ამ პროცესებში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას. ხელისუფლების იმედი რომ არ გვქონოდა ამ პროტესტში, სხვა მიმართულებით წავიდოდით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი რატი იონათამიშვილი ჩაერთო ამ პროცესებში და ველოდებით როდის ჩაინიშნება შემდეგი სამმხრივი ფორმატის შეხვედრა", - ამბობს გიორგი ნეფარიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

განსხვავებული იყო შუქრუთელების პოზიცია თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს. მედიაციის პროცესით, რომელსაც აქციის მონაწილეებმა 43 დღიანი შიმშილობის ფასად მიაღწიეს, ისინი უკმაყოფილოები იყვნენ და აცხადებდნენ, რომ კომპანია, ხელისუფლებასთან ერთად, დროის გაყვანას ცდილობდა, რომ როგორმე საკითხის არჩევნებამდე მოგვარება აერიდებინა თავიდან. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბერს, მოულოდნელად შუქრუთელებმა დედაქალაქში პროტესტი შეწყვიტეს და ჭიათურაში დაბრუნდნენ. თავდაპირველად მათ თქვეს, რომ შუქრუთში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გააქტიურება დაიწყო და საჭირო იყო მათი ფიზიკურად იქ ყოფნა, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ მედიაციის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთი პროტესტის ძირითად ადგილზე, შუქრუთში დაბრუნება და მაღაროების პიკეტირების გაგრძელება.

29 ოქტომბერს, "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის მაღაროების მმართველმა კომპანიამ "Chiatura Management Company"- მ მედიაციის ფარგლებში შედგენილი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტს კომპენსაციების გაცემის საკითხს, მანამდე კი შუქრუთელებს პროტესტი უნდა შეეწყვიტათ როგორც თბილისში, ასევე, სოფელ შუქრუთში.

მოძრაობის "სოფელ შუქრუთის გადასარჩენად" ადვოკატი, ლადო ქუთათელაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ სამხარაულის დასკვნის ჩატარება უშედეგო იქნება, თუ კომპანია მაინც ინდივიდუალურად გადაწყვეტს რომელ ოჯახს რამდენი გადაუხადოს. შუქრუთელები დოკუმენტს იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ "ჯორჯიან მანგანეზი" აიღებს ვალდებულებას, რომ ზუსტად დასკვნაში მითითებულ კომპენსაციებს გასცემს. ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ შეთანხმება შედგეს "ჯორჯიან მანგანეზთან" და არა მასზე დაქვემდებარებულ კომპანიასთან.

"კომპანია ამბობს, რომ სამხარაულის დასკვნის შემდეგ, ინდივიდუალურად განიხილავს ვის რამდენს გადაუხდის. რეალურად კი, მან სამხარაულის მიერ დათვლილი თანხის გადახდის ვალდებულება უნდა აიღოს", - ამბობს ლადო ქუთათელაძე.

ჩვენ შევეცადეთ პასუხები მიგვეღო, ამ პროცესში მედიატორის ფუნქციით ჩართული, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან, თუმცა, რატი იონათამიშვილმა ჩვენთან სასაუბროდ დრო ვერ გამონახა.

შუქრუთელები, ისევ მედიაციის განახლების მოლოდინში არიან. სამმხრივ ფორმატში მორიგი შეხვედრა 22 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

ხელისუფლების მიმართ ნდობა შუქრუთელებმა არჩევნებშიც გამოხატეს. რვათვიანი პროტესტი არჩევნების შედეგებზე არ ასახულა. ჭიათურაში მმართველმა პარტიამ მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიგო. ხმის მისაცემად მისული 23 969 ამომრჩევლიდან "ქართულ ოცნებას" ხმა 15 569 ამომრჩეველმა მისცა. მმართველმა პარტიამ მოიგო საარჩევნო უბნები სოფელ შუქრუთშიც, იქ, სადაც პროტესტის კერაა. მაგალითად, შუქრუთის #10 უბანზე "ქართულმა ოცნებამ" 109 ხმა მიიღო, ოპოზიციამ კი, ჯამში, 62. ასევე, სოფელ შუქრუთში, #32 უბანზე, მმართველ პარტიას ხმა მისცა 211-მა ამომრჩეველმა, ხოლო ოპოზიციას - 154 -მა. 




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #შუქრუთი
მსგავსი სიახლეები
14:30 / 30.10.2024
"ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება, “ - აღნიშნულია 
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო
გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე
დაიბარა.
12:05 / 30.10.2024
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.